10-08-2021
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პედაგოგებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ფაიზერის ვაქცინით აიცრა.
მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას, გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, იზრუნონ ჩვენი შვილებისა და ერთმანეთის ჯანმრთელობაზე და აიცრან, ვინაიდან პანდემიის დამარცხება მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი.
მიხეილ ჩხენკელი: „დღეს პედაგოგებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ავიცერი ფაიზერის ვაქცინით. მე მინდა, კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდო და ვთხოვო, აუცილებლად აიცრან. ეს არის პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და გავუფრთხილდეთ ჩვენი შვილების – ბავშვების – ჯანმრთელობას“.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები, სადაც აქტიურად მიმდინარეობს საჯარო და კერძო სკოლების, პროფესიული სასწავლებლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების მასობრივი ვაქცინაციის პროცესი.