12-08-2021
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ განხორციელებული ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ საწარმო კომპოსტის (ნარჩენების აღდგენა) წარმოების მიზნით საქმიანობას კვლავ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე ახორციელებს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ვინაიდან გამოვლენილი სამართალდარღვევა არ არის პირველი შემთხვევა და მასში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, პროკურატურაში გადაიგზავნა. კომპანიას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ წარედგინა ადმინისტრაციული მიწერილობა, რომლის თანახმად, „გარემოს დაცვის შესახებ“ კანონის საფუძველზე, კომპანიამ დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს კომპოსტის დამზადება სავალდებულო, შესაბამისი გარემოსდაცვით გადაწყვეტილების მიღებამდე.
აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის, ჯარიმა განსაზღვრულია 10 000 ლარიდან 30 000 ლარამდე, ხოლო განმეორების შემთხვევაში, 20 000 ლარიდან 60 000 ლარამდე.