17-08-2021
ჩვენი მთავარი რესურსი და ღირებულება არის ადამიანი. შესაბამისად, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს, ადამიანებს, მივცეთ მაქსიმალური საშუალება, საკუთარი პოტენციალის რეალიზება მოახდინონ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ხელვაჩაურის მერობის კანდიდატის, ზაზა დიასამიძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიაზე და აღნიშნა, რომ თითოეულ სამინისტროს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა, იმასთან დაკავშრებით, თუ რა უნდა გავაკეთოთ ყოველ წელს და რა უნდა იყოს სამიზნე მაჩვენებელი.
„ჩვენი მთავრობის პირობებში, პანდემია არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, მაგრამ ვახერხებთ იმას, რომ უპრეცენდენტო ეკონომიკური ზრდა გვაქვს. მოსწონთ ეს თუ არ მოსწონთ ჩვენს ოპონენტებს ამის აღიარება, ვინაიდან, ეს არის ფაქტი, ეს არის სიმართლე და ამის აღიარება მოუწევს ყველას. სიტყვები არ მყოფნის, როგორ შეიძლება ადამიანმა შეაფასოს ოპონენტების ქცევა, მათი არაადეკვატური ქცევა, მაშინ, როდესაც მათ არ უხარიათ არც ეკონომიკური წინსვლა, არც ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა, არც ის პროგრესი, რომელიც ქვყანაში მიმდინარეობს. ამას ჰქვია მავნებლობა, როდესაც არ გიხარია შენი თანამოქალაქეების, შენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება. ამას ჰქვია მავნებლობა და მტრობა. მე ერთის მხრივ, სიბრალულით უნდა აღვნიშნო ის, რომ ძალიან მეცოდება ჩვენი ოპონენტები და მთლიანი ოპოზიცია, მძიმე მდგომარეობაში არიან. მე ს კარგად მესმის, მეორეს მხრივ, ვხედავ, რომ ისინი არიან „წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდა" მდგომარეობაში, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი. ჩვენი მთავარი ოპონენტი დღეს ის გაჭირვება და ეკონომიკური სიდუხჭირეა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე და ასეც იქნება.
ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს მხოლოდ განვითარება - საქმე, საქმე და საქმე. ჩემი დავალებით, მთავრობამ შეიმუშავა განვითრების გრძელვადიანი ხედვა, თითოეული სექტორის მიმართულებით. თითოეულ სამინისტროს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა, იმასთან დაკავშრებით, თუ რა უნდა გავაკეთოთ ყოველ წელს და რა უნდა იყოს ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი, რომ 10 წლის თავზე, ჩვენ, ერთობლივი ძალისხმევით, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ცენტრალურ მთავრობაში, თუ ადგილობრივ დონეზე, ეს უნდა იყოს ერთად შეჯერებული გეგმა, რომელსაც ყველა აღასრულებს და მივაღწევთ მაჩვენებელს, რომელიც იქნება საუკეთესო ჩვენი მოქალაქეებისთვის. ვიცით, რომ მომდევნო წლების განმავლობაში დაიხარჯება 32 მილიარდი ლარი, რომელიც მოხმარდება ინფრასტრუქტურას, რეგიონების განვითარებას. დაახლოებით 7 მილიარდი ლარი ჩაიდება დამატებით სოფლის მეურნეობის აღორძინებაში, რაც შექმნის ათი ათასობით ახალ სამუშაო ადგილს და კეთილდღეობას და სიმდიდრეს მოუტანს ჩვენს მოქალაქებს. ადგილობრივი წარმოების განვითარებაში დაიხარჯება დაახლოებით 2,5 მილიარდი ლარი, აქედან დაახლოებით 1 მილიარდი იქნება მთავრობის წილი. შედეგად, ჩვენი გათვლებით, 100 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და ჩვენ დავაფინანსებთ დაახლოებით 1300 ახალ საწარმოს. თითოეული რეგიონის, მუნიციპალიტეტისა და ქალაქის მიხედვით, ჩვენ გვქვს კარგად გააზრებული გეგმა, იმ პოტენციალისა და რესურსის გათვალისწინებით, რომელიც ამა თუ იმ ქალაქში, მუნიციპალიტეტში და რეგიონში არსებობს. ჩვენ არ გვაქვს არცერთი რესურსი დასაკარგი. ჩვენი მთავარი რესურსი და ღირებულება არის ადამიანი. შესაბამისად, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს, ადამიანებს, მივცეთ მაქსიმალური საშუალება, საკუთარი პოტენციალის რეალიზება მოახდინონ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.