გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ჯამში, 7 000 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაცია მოხდა ამ 8 წელიწადში, ამ პროცესს ვაგრძელებთ, მომდევნო წლების განმავლობაში, პრაქტიკულად, ყველა გზა უნდა დავასრულოთ

18-08-2021

მთლიანად ინფრასტრუქტურაში დაიხარჯება 32 მლრდ. ლარი. რეალურად, ჩვენ შევცვლით ჩვენი ქვეყნის მთლიან სურათს. მართლაც ევროპული ქვეყანა უნდა გავხადოთ საქართველო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის როლანდ ბერიძის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მან ხაზი გაუსვა, რომ 150 კმ. ჩქაროსნული მაგისტრალი დააგო „ქართული ოცნების" მთავრობამ ბოლო წლების განმავლობაში, იმაზე ორჯერ მეტი, ვიდრე იყო წინა მთავრობის დროს, იგივე პერიოდში.


„4-5 საათი დასჭირდება, მაგალითად წითელი ხიდიდან სარფამდე ჩამოსვლას ახალი ჩქაროსნული მაგისტრალებით, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ. სხვათაშორის, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ 150 კმ. ჩქაროსნული მაგისტრალი დააგო ჩვენმა მთავრობამ ბოლო წლების განმავლობაში, იმაზე ორჯერ მეტი, ვიდრე იყო წინა მთავრობის დროს, იგივე პერიოდში. ჯამში, 7 000 კმ. გზის რეაბილიტაცია, მოვლა შევძელით. 2 850 კმ. ახალი გზა დაიგო, რეაბილიტირდა და ჯამში, 7 000 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაცია მოხდა ამ 8 წელიწადში. ამ პროცესს ვაგრძელებთ. ბოლო წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, პროგრესი გვქონდა და ახლა, მომდევნო წლების განმავლობაში, პრაქტიკულად, ყველა გზა უნდა დავასრულოთ. გეგმა, რომელიც აქვს შემუშავებული ბატონ ირაკლი ქარსელაძეს, ამ გეგმის მიხედვით, მოგახსენეთ, რომ 32 მლრდ. ლარი დაიხარჯება და ყველა რეგიონის განვითარებას მოხმარდება თანაბრად.


ამას გარდა, ვგეგმავთ, რომ ყველა სფეროს მიმართულებით, ჩვენი გეგმის მიხედვით, გავაგრძელოთ წინსვლა და მშენებლობა. ჩემი დავალებით, მთავრობამ შეიმუშავა გრძელვადიანი განვითარების ხედვა. რა თქმა უნდა, ერთწლიანი, ორწლიანი და სამწლიანი გეგმები კარგია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ გრძელვადიანი ხედვა, საით მიდის ქვეყანა, რომ ჩვენს ხალხს ავუხსნათ და ხალხი ავიყოლიოთ, ამ ფერხულში ჩაებას ჩვენი მოსახლეობა, თუ საით მივდივართ, რა გეზი გვაქვს, როგორ მივაღწევთ იმ სამიზნე მაჩვენებელს, რომელიც, რა თქმა უნდა, მოიტანს კეთილდღეობას და მეტ დოვლათს შეაქმნევინებს ჩვენს მოსახლეობას, ყველა მიმართულებით, იქნება ეს ჯანდაცვა, ეკოლოგია, განათლება, სპორტი, კულტურა, ინფრასტრუქტურაზე მოგახსენეთ, ადგილობრივი წარმოების, ეკონომიკის განვითარება. გვაქვს დეტალურად გაწერილი გეგმები და გრძელვადიანი ხედვა. რეალურად, 10 წლიანი გეგმა არის რეალისტური და ამ ინტენსიური მუშაობით, 10 წელიწადში შეგვიძლია, რომ მართლაც ევროპული ქვეყანა გავხადოთ ჩვენი ეს ულამაზესი საქართველო.


ქვეყანას სჭირდება მოვლა-პატრონობა. თუნდაც ქედაზე რომ ვისაუბროთ, თითოეულ შენობას სჭირდება მოფერება, მოვლა, პატრონობა, შენახვა, გზებს და მოსახლეობას, რა თქმა უნდა, ბოლომდე უნდა დავუდგეთ მხარში. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი. მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება ყველა რეგიონს, ყველა ქალაქს და ყველა მუნიციპალიტეტს.


ვახსენე არც სახსენებელი და შემდეგ ომზეც ვისაუბრეთ. ამიტომ, ჩვენ კარგად ვიცით მშვიდობის და ომის ფასი. ამიტომ, მშვიდობას უნდა გავუფრთხილდეთ, მეგობრებო, მშვიდობას და სტაბილურობას, რომელიც არის განმსაზღვრელი ჩვენი შემდგომი განვითარების. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930