22-08-2021
უკრაინა არა მხოლოდ მეგობარი სახელმწიფოა, არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განახადა.
მთავრობის მეთაურმა დენის შმიგალს მშობლიურ ქალაქ ლვოვში გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
"დიდი პატივია ჩემთვის, ოფიციალურად ვიმყოფებოდე ჩემთვის და ჩვენი ხალხისთვის გამორჩეულ მეგობარ სახელმწიფოში, უკრაინაში. მე მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ძალიან თბილი მასპინძლობისთვის. ბატონმა პრემიერმა გუშინ გვიმასპინძლა თავის მშობლიურ ქალაქში, ლვოვში. მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ეს იყო ძალიან დიდი პატივი და მინდა ასევე დავაფიქსირო, თუ რაოდენ მადლიერი ვართ ჩვენ ასეთი მასპინძლობისთვის. უკრაინა და უკრაინელი ხალხი ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. უკრაინა არა მხოლოდ მეგობარი სახელმწიფოა, არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.