24-08-2021
ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაგვიხსნეს ცეცხლი, ისროდნენ როგორც ვერტმფრენებიდან, ასევე მიწიდან.
ამ დროს სახლში ოთხი ბავშვი იყო.
მამაჩემი ხელებაწეული გავიდა აივანზე და სთხოვა, ცეცხლი შეწყვიტეთ, სახლში ქალები და ბავშვებიც არიანო. სწორედ ამ მომენტში მოხვდა სნაიპერის ტყვია - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ შინაგან საქმეთა მინისტრის, გია ბარამიძის მიერ სვანეთში დარბეული აფრასიძეების ოჯახის ერთ-ერთმა გადარჩენილმა წევრმა, გოჩა აფრასიძემ გაზეთ „ყველა სიახლესთან“ ინტერვიუში გააკეთა.
მისივე თქმით, ხელებაწეული მამამისის დახვრეტიდან რამდენიმე წამში ოთახში ასაფეთქებელი შეაგდეს, რის შემდეგაც გონება დაკარგა.
„როდესაც გონს მოვეგე, მე და ჩემი ძმა ომეხი ბორკილდადებულები ვიყავით. მე ფილტვში ვიყავი დაჭრილი. თავი ამიწიეს და მაყურებინეს, როგორ ხვრეტდნენ ომეხს - ნიღბიანმა სპეცრაზმელმა მას მთელი მჭიდი დააცალა გულმკერდის არეში. მთლად დაფლითეს. დავინახე, როგორ იღებდნენ ამ ყველაფერს ვიდეოკამერით.
მე ვერტმფრენით გადამიყვანეს ქუთაისის საავადმყოფოში და ბორკილებიც არ მომხსნეს, ისე გამიკეთეს ოპერაცია, მეტიც - ანესთეზიის და ყოველგვარი გამაყუჩებლის გარეშე გამჭრეს და გამკერეს“ - იხსენებს გოჩა აფრასიძე.
მისივე თქმით, გია ბარამიძის განცხადება, რომ მათ ოჯახში დიდი რაოდენობით იარაღი ინახებოდა, სიცრუეა.
„თუ არსენალი გვქონდა სად წავიდა, რატომ არ გამოიტანეს სააშკარაოზე?
სააკაშვილი კი ამბობდა, კოშკი რომ აფეთქდა ის მენანება, აფრასიძეები არაო.
იქ ახლომახლო კოშკი საერთოდ არ დგას და როგორ აფეთქდებოდა, საიდან მოიტანა?
მათ მხოლოდ ჩვენი სახლი დაწვეს, სადაც მამაჩემი დაიფერფლა. ასევე დაცხრილეს მეზობლების სახლები.
რაც შეეხება ჩემი ძმის გაძარცვას, ბარამიძე უარყოფს, მაგრამ ომეხს ის თითი, რომელზეც ბეჭედი ეკეთა, მოკვეთილი ჰქონდა... გამომძიებელი ომეხის ოქროს ნივთებს შმაგის (გოჩა აფრასიძის მეორე ძმა რედ.) ცხვირწინ უტრიალდეებდა. ეს იმდენად ამაზრზენია, ამაზე ლაპარაკი არ მინდა“ - განაცხადა გოჩა აფრასიძემ.
მისი თქმით, გია ბარამიძემ მისი ოჯახის ყველა წევრი სასიკვდილოდ გაიმეტა და ბავშვები მხოლოდ უფლის წყალობით გადარჩნენ.
„როცა გამწარებული ხალხი მოვარდა ადგილზე, - რას სჩადიხარო, ბარამიძეს უთქვამს, მეგონა გაგეხარდებოდათ აფრასიძეების ამოწყვეტაო. ნორმალური ადამიანი ამას იტყოდა?“ - განუცხადა გოჩა აფრასიძემ გამოცემას.
ფოტოზე: აფრასიძეების სახლი „სპეცოპერაციის“ შემდეგ;
P.S. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო NEWSPRESS.GE - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით