გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ წარმოჩინდა, როგორც პასუხისმგებლიანი აქტორი და დავადასტურეთ, რომ ჩვენ ვართ აშშ-ის, ევროპის და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის ერთგული პარტნიორი

26-08-2021

ავღანეთის საერთაშორისო მისიაში ჩვენმა გამორჩეულად ღირსეულმა ჯარმა მიიღო მონაწილეობა, ძალიან ღირსეულად იმსახურა ავღანეთში, რითაც დაიცვა ჩვენი ქვეყნის იმიჯი და ღირსეულად დაბრუნდა სამშობლოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილში, ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, სამწუხაროდ, მისიას არ ჩაუვლია დანაკარგების გარეშე.


„32 ჩვენი გმირი სამხედო შეეწირა აღნიშნულ მისიას და ძალიან ბევრმა მიიღო საკმაოდ მძიმე დაზიანება. რაც შეეხება ჩვენს მონაწილეობას ნატოსა და საერთაშორისო მისიებში, ჩვენ, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი მონაწილე, ვაგრძელებთ მონაწილეობას ჰუმანიტარულ ოპერაციებში, კერძოდ, რამდენიმე დღეა, საქართველო აქტიურად არის ჩართული, საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, ტრანზიტული ფუნქციის შესრულების საკითხში. უკვე დაახლოებით 2 ათასამდე ადამიანის გატარება მოხდა ტრანზიტულად ჩვენი ქვეყნის მეშვეობით. ძალიან წარმატებული ოპერაციები განხორციელდა ზოგადად ჩვენი სახელმწიფოს ჩართულობით და ძალიან ბევრი ევროპული სახელმწიფოს და აშშ-ის მთავრობის თანამონაწილეობით. ამას გარდა, ჩვენ თხოვნით მოგვმართეს ისეთმა მნიშვნელოვანმა დონორმა ორგანიზაციებმა, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, რომლებიც, უკვე წლებია, ეხმარებიან ჩვენს ქვეყანას განვითარებაში და ამ მიმართულებით დიდი დამსახურება და წვლილი მიუძღვით. ამას გარდა, მომართვა იყო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან, დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდისგან, რომელიც ზოგადად ცნობილია, როგორც აშშ-ის დემოკრატიის განვითარებაზე მომუშავე ძალიან გავლენიანი ორგანიზაცია. ჩვენ მათი თანამშრომლების დროებით რელოკაციაში, გადმოყვანაში დავეხმარეთ უკვე რამდენიმე ათეულ ადამიანს. ეს პროცესი ძალიან წარმატებით მიმდინარეობს და ხორციელდება. ამით, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ წარმოჩინდა, როგორც პასუხისმგებლიანი აქტორი და მონაწილე საერთაშორისო თანამეგობრობის და ამას გარდა, ჩვენ დავადასტურეთ, რომ ჩვენ ვართ ერთგული პარტნიორი აშშ-ის, ევროპის და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930