გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კუჭავა: მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, ფოთის პორტში უდიდესი პოტენციალია

27-08-2021

პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა „ქართული ოცნების" ფოთის მერობის კანდიდატის ბექა ვაჭარაძის წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„მოგესალმებით ფოთელებო, მივესალმები ფოთს. ჩემთვის რა თქმა უნდა, დიდი პატივია დღეს წარვდგე თქვენს წინაშე, იმ ქალაქის წინაშე, რომელმაც ძალიან დიდი სიტყვა თქვა თანამდროვე საქართველოს ისტორიაში.


დიდი პასუხისმგებლობაა, ქალაქში, რომელიც იმ სახით, როგორსაც დღეს ვხედავთ, შექმნა ნიკო ნიკოლაძემ, უდიდესმა სახელმწიფო მოღვაწემ, იყო მერი და შეეცადო წვლილი შეიტანო ქალაქის განვითარებაში.


ერთადერთი რაც ამას გააკეთებს, ესაა ახალგაზრდული ჟინი და თანამედროვე ხედვის ჩამოყალიბება, რომელიც ხელს შეგიწყობს იცოდე ზუსტად როგორი გინდა იყოს შენი ქალაქი ოთხი წლის შემდეგ ან უფრო გრელვადიან პერსპექტივაში. ზუსტად ესაა რასაც ვხედავთ ჩვენს კანდიდატში და დარწმუნებულები ვართ მის გამარჯვებაში.


ბექა არის ახალგაზრდა, მოტივირებული ადამიანი. რამდენიმე წელია უკვე ის ჩართულია ფოთის ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორც საჯარო მოხელე, ბოლო პერიოდი, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე. მან ძალიან კარგად იცის, რა არის ის გამოწვევები, რის წინაშეც დგას ფოთი და რა არის ის ხედვა, მომავალი, რომლისთვისაც უნდა იღწვოდეს ყოველი ახალი მერი ყველა ქალაქში.


ფოთი ულამაზესია თავისი დაგეგმარებით. ეს ერთ-ერთი პირველი ქალაქია, ერთადერთიც, როდესაც წინასწარ იყო ხედვა, გენგეგმა და ზუსტად ასე აშენდა.
ფოთს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და ეს არ ეხება მხოლოდ მეთევზეობას, რომელიც უნდა დარჩეს, განვითარდეს. ჩვენ გვქონდა შეხვედრა მეთევზეებთან, არის ბევრი საინტერესო პროგრამა წარმოდგენილი, რომელიც ხელს უწყობს არა მხოლოდ დიდ, არამედ პატარა კომპანიებს და ოჯახების მეთევზეობასაც.


განათლების კუთხით უმნიშვნელოვანესია ის პროფესიული სასწავლებელი, რომელიც უზრუველყოფს, თანამედროვე ტექნოლოგიების სრულად გამოყენებას.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, უდიდესი პოტენციალია ფოთის პორტში, შესაძლებლობა გაცილებით დიდია დ მთავარია სწორი ხედვის არსებობა. ეს ხედვა ჩვენ უნდა შემოგვთავაზოს ახალმა მერმა და უნდა აღასრულოს ის გეგმები, რომელიც ოთხი წლის თავზე უნდა ჩაგაბაროთ თქვენ ამაყად არა მხოლოდ მერმა, არამედ მთელმა გუნდმა, რადგან ჩვენ ვდგავართ ჩვენი კანდიდატის უკან, ჩვენი მერის უკან და ეს არის ძლიერი გუნდი. რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ ერთადერთი მიზნით, შეიქნას კიდევ მეტი პერსპექტივა, შესაძლებლობა და რა თქმა უნდა, პროგრესი.


რამოდენიმე წლის წინ გავეცანი მალთაყვას პროექტს, რომელიც როგორც ვიცი, დიდად წინ არ წაწეულა. არის გარკვეული შეფერხებები და მოლოდინი მაქვს, რომ აუცილებლად დასრულდება ეს პროექტი. აუცილებლად უნდა დასრულდეს, რადგან, როდესაც პროექტი ვნახე, ამ პროექტს უდიდესი პოტენციალი აქვს.
ინვესტიცია როგორ უნდა მოვიზიდოთ, დამატებით რა შეღავათები უნდა შევქმნათ, ამისთვის აუცილებელია არა მხოლოდ სწორი ხედვა თვითმმართველობის დონეზე, არამედ კომუნიკაცია ცენტრალურ ხელისუფლებასთან. სწორედ ეს არის ის გარანტი, რომელიც ფოთს წარმატებას მოუტანს. წარმატებას მოუტანს ახალ მერს და ახალ საკრებულოს, რადგან უმნიშვნელოვანესია მმართველი გუნდის მხარდაჭერა, რომ განახორციელო ის გეგმები, რომელსაც ისახავ და შეასრულო პირობა, რომელსაც ამომრჩეველს აძლევ.


მინდა ფოთს ვუსურვო წარმატება. უფრო ძლიერ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბება. ამისთვის სრული პოტენციალი არსებობს, არა მხოლოდ პორტის გამო.
წარმატებები ჩვენს კანდიდატს, „ქართულ ოცნებას", ფოთს და ფოთელებს“ - განაცხადა კუჭავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930