28-08-2021
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი კიბერთავდაცვის რეგიონული ცენტრის დირექტორს, პოლკოვნიკ რომუალდას პეტკევიჩიუსს შეხვდა. შეხვედრაზე თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო კიბერსივრცეში არსებულ საფრთხეებსა და მათთან ერთობლივი ბრძოლის გზებს. მინისტრის მოადგილემ ლიეტუველ სტუმარს კიბერუსაფრთხოების ბიუროში მიმდინარე რეფორმები და ქვეყნის კიბერშესაძლებლობები გააცნო.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ლიეტუვას ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, ლიეტუვას მხარემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო კიბერთავდაცვის რეგიონული ცენტრის (RCDC) ანალიზის ქვედანაყოფში გასაწევრიანებლად მიიწვია. CTAC (Cyber Threat Analysis Cell) მიზნად ისახავს კიბერუსაფრთხოების შესახებ მჭიდრო თანამშრომლობას, კიბერინციდენტების ანალიზსა და მონაწილე ქვეყნებს შორის ინფორმაციის სისტემატურ გაზიარებას. მხარეებს შორის გასაფორმებელი მემორანდუმის შესაბამისად, კიბერუსაფრთხოების ბიურო ყოველწლიურად უზრუნველყოფს აღნიშნული ცენტრის საქმიანობაში ექსპერტის ჩართულობას.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ რომუალდას პეტკევიჩიუსს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლებმაც უმასპინძლეს.