30-08-2021
მმართველი პარტიის თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ ოქროყანისა და კოჯრის დევნილთა დასახლებების მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა, სადაც პირადად მოისმინა ადგილობრივი მცხოვრებლების პრობლემები და შეხვედრის მონაწილეებთან ერთად მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა.
დევნილთა დასახლებაში გამართულ შეხვედრებს, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიგა ახვლედიანი ესწრებოდნენ.
ზურაბ აბაშიძე: „გავიცანი ოქროყანისა და კოჯრის დევნილთა დასახლებების მცხოვრებლები და მათთან ერთად განვიხილე ის გამოწვევები, რომელთა დაძლევა მოსახლეობისთვის ამ ეტაპზე ყველაზე პრიორიტეტულია. დღევანდელი შეხვედრის მონაწილეები არიან ადამიანები, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან მშვიდობისა და თავისუფლების ფასი და ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მათ თანადგომასა და მხარდაჭერას. სწორედ ერთობლივი ძალებით დარწმუნებული ვარ, არაერთ მნიშვნელოვან და სასარგებლო პროექტს განვახორციელებთ.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც შეხვედრაზე განვიხილეთ, არის წყალმომარაგების გაუმჯობესება და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და მე პირადად, მიღებული მანდატის ფარგლებში, ვიზრუნებ, რომ ამ მიმართულებით დაიგეგმოს კონკრეტული ნაბიჯები."
როგორც ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობასთან საუბრისას აღნიშნა, „ქართული ოცნების" გუნდის მთავარ პრიორიტეტს მოსახლეობის კეთილდღეობის მხარდაჭერა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს, რისთვისაც მნიშვნელოვანია მოსახლეობის საჭიროებების იდენტიფიცირება და მათზე დროული რეაგირება. სწორედ ამ მიზნით, კოვიდრეგულაციების ზედმიწევნით დაცვით, მოსახლეობასთან შეხვედრები მომავალშიც რეგულარულად გაგრძელდება.