გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: ოპოზიცია არეულობისთვის ემზადება

31-08-2021

მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ „ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"საარჩევნო კამპანიის ვადის ნახევარი უკვე გავიდა. „ქართულმა ოცნებამ" ამ პერიოდში ყველა მუნიციპალიტეტში დაასახელა საკუთარი კანდიდატები, შეიმუშავა რეალისტური საარჩევნო პროგრამა და აქტიურად მუშაობს, რომ მიუხედავად მსოფლიო პანდემიისა, საზოგადოებამდე მიიტანოს ის გეგმები და მიზნები, რომლებსაც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ განახორციელებს თვითმართველი ორგანოების მეშვეობით.


კოვიდ-რეგულაციების დაცვით ხდება ყოველდღიური შეხვედრები მოსახლეობასთან, თემატურ ჯგუფებთან, თითოეული სოფლის და უბნის დონეზე ხდება პრობლემების აღრიცხვა და მათი გადაწყვეტის გზების მოძიება.


ამის პარალელურად, ყველა ვხედავთ, რომ ოპოზიცია, ფაქტობრივად, არ აწარმოებს საარჩევნო კამპანიას, არ საუბრობს რეგიონის მოსახლეობის საჭიროებებზე, და არ აქვს რაიმე თუნდაც პროგრამის მსგავსიც კი. ისინი მოსახლეობას არ სთავაზობენ არაფერს, გარდა დეზინფორმაციისა და ზიზღის კამპანიისა.


• მეტიც - ისინი არ იყენებენ გარე რეკლამისთვის განკუთვნილ სივრცეებს, მათ შორის არ აქვთ სარეკლამო ბილბორდები, რაც ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ არჩევნებზე დამარცხების შემდეგ ისაუბრონ, თითქოს, კამპანია არათანაბარ პირობებში მიმდინარეობდა და ამის არგუმენტად სარეკლამო სივრცეების თანაფარდობა მოიყვანონ.


• ოპოზიცია არ იყენებს ფასიან საეთერო დროს თავისი საარჩევნო რგოლების გასაშვებად. იყენებენ მხოლოდ საარჩევნო სუბიექტისთვის განკუთვნილ უფასო სარეკლამო დროს, რათა არჩევნებში მათი გარდაუვალი მარცხის შემდეგ ითქვას, რომ წინასაარჩევნოდ არათანაბარი და არაკონკურენტული გარემო იყო შექმნილი; ეს იმ პირობებში, როდესაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციამ მარცხის მიუხედავად უფრო მეტი თანხა დახარჯა ვიდრე „ქართულმა ოცნებამ".


• ოპოზიცურმა პარტიებმა მუნიციპალიტეტებში არ დააყენეს ისეთი კანდიდატები, რომლებსაც გამარჯვების მინიმალური შანსი მაინც ექნებოდათ, რათა, არჩევნებზე დამარცხების შემდეგ ისაუბრონ, თითქოს, ადგილი ჰქონდა მანიპულაციას და მათი წარმომადგენლები სწორედ ამიტომ დამარცხდნენ ყველა სოფელსა და ქალაქში.


• ამ პოლიტიკურმა ძალებმა მონაწილეობა არ მიიღეს საოლქო და საუბნო კომისიების პროფესიული წევრების დაკომპლექტებაში, რათა არჩევნებზე დამარცხების შემდეგ ისაუბრონ, თითქოს, კომისიების პროფესიული წევრები მიკერძოებულები იყვნენ.


ყველა ეს გარემოება მიანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიცია შეგუებულია არჩევნებში გარდაუვალ მარცხს და არა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის და არეულობისთვის ემზადება.


დიდი ალბათობით, ჩვენი მოსახლეობა ოპოზიციის მხრიდან უპრეცედენტო დეზინფორმაციისა და ზიზღის კამპანიის მოწმე გახდება, ვინაიდან, ამ ძალების მხრიდან, ერთადერთი პოლიტიკური ტაქტიკა პანიკის დათესვაზე, ადამიანური ტრაგედიებით მანიპულაციასა და ამით პოლიტიკური დივიდენდების ჩაწერის მცდელობაზე გადის. სწორედ ამიტომ, ჩვენ უკვე ვხედავ მათგან მძიმე პროვოკაციების მოწყობის მცდელობებს, რაც მაღალი ალბათობით, არჩევნებამდე დარჩენილ ერთ თვეში კიდევ უფრო რადიკალურ ფორმებს მიიღებს. ვინაიდან, მათი გზა არა საკუთარი პროგრამით ჩვენი მოქალაქეების დარწმუნება და მათგან დემოკრატიული ლეგიტიმაციის მიღება, არამედ ზიზღის გაღვივებით, ისტერიის დათესვით და არეულობით განუყოფელი ძალაუფლების დაბრუნებაა.


ეს არის ის ტაქტიკა, რომელსაც უკვე წლებია, ეს ძალები იყენებენ და ეს არის ის ტაქტიკა, რომლითაც ისინი წლიდან წლამდე მარცხდებიან.


ოპოზიციის მიზნებისა და დესტრუქციული დღის წესრიგის მიუხედავად, ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიას წარვმართავთ მშვიდ, საქმიან გარემოში, მოსახლეობას ვესაუბრებით კონკრეტულ საქმეებზე და პროექტებზე, არჩევნებს ჩავატარებთ თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში და არჩევნების მეორე დღესაც არავის მივცემთ ამომრჩეველთა ნების წინააღმდეგ წასვლის შესაძლებლობას" - განაცხადა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930