გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნების" მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები ე.წ. კაიროს და აფრიკის დასახლებების მცხოვრებლებს შეხვდნენ

31-08-2021

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, საკრებულოში სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატ რევაზ სოხაძესთან ერთად, სამგორის რაიონში, ე.წ. კაიროს და აფრიკის დასახლებების მცხოვრებლებს შეხვდა.


თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით, ე.წ. კაიროს დასახლებაში წლობით მოუგვარებელი ინფრასტრუქტურული პრობლემა გადაჭრილია. კერძოდ, მოეწყო წყლის, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელი, ყველა ქუჩაზე დაიგო ასფალტი და რეაბილიტირდა საფეხბურთო მოედანი.

„გვახსოვს ყველას, რა მდგომარეობა იყო კაიროს დასახლებაში. ამჟამად რჩება დამისამართების პრობლემა, რომლის გადასაწყვეტად უკვე ჩანიშნულია შეხვედრა შესაბამის კომისიასთან. ახლა უნდა ვიყუროთ წინ და კიდევ ბევრი უკეთესი პროექტი უნდა განვახორციელოთ. „სიცოცხლე ყველა უბანში" მე ასე მესმის: თქვენ რომ გამოხვალთ სახლიდან, უნდა იგრძნოთ, რომ უფრო უკეთეს, კომფორტულ უბანში ცხოვრობთ", - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.


თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე კაიროს დასახლების მცხოვრებლებს სკვერის რეაბილიტაციას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხის მოგვარებას დაჰპირდა.


„გასული ოთხი წლის განმავლობაში დაძლეული გამოწვევები გვაძლევს საშუალებას, რომ არსებულ პრობლემებსაც ვუპასუხოთ. ჩვენ ამისთვის ვართ, რომ მხოლოდ მიღწეულით არ დავკმაყოფილდეთ", - განაცხადა კახა კალაძემ.


რაც შეეხება ე.წ. აფრიკის დასახლებას, როგორც ადგილობრივებს კანდიდატებმა განუცხადეს, მათი მოთხოვნა გათვალისწინებულია და გამოყოფილია ფართი, სადაც მომავალი წლიდან სპორტული დარბაზის მშენებლობა დაიწყება.


ამავე დასახლებაში, სანაძის, ფაღავასა და გუგუშვილის ქუჩების ნაწილში უკვე მოწყობილია წყალარინების და წყლის სისტემა, ამჟამად კი საგზაო სამუშაოები იგეგმება.


შეხვედრებს ესწრებოდნენ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი, ასევე, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები საქართველოს პარლამენტსა და თბილისის საკრებულოში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930