2-09-2021
„დღეს სახელმწიფო ინსტიტუტები გამოიყენება იმისთვის, რომ თითოეულ საქართველოს მოქალაქეს სამსახურიდან დათხოვნის რისკის ქვეშ აიძულონ მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება. დღეს სახელმწიფო ინსტიტუტები გამოიყენება იმისთვის, რომ ადამიანებს აგდებენ სამსახურიდან მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე და ფაქტობრივად შემოსავლის გარეშე ტოვებენ ოჯახებს. ამიტომ, მე მინდა ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს ვუთხრა, მეგობრებო დღეიდან თქვენ საქმე გექნებათ პირადად ჩემთან და მე სოლიდარობის მიზნით თითოეული ჩვენი მერობის კანდიდატის მიმართ, რომლებსაც უაღრესად მძიმე პირობებში უწევთ დღეს ბრძოლა და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა, მე - ერთი ცალკე აღებული საქართველოს მოქალაქე და თბილისელი, ყველანაირი პოლიტიკური კეკლუცობის გარეშე ვაცხადებ, რომ ვერთვები თბილისის მერობისთვის ბრძოლაში.
გიორგი გახარიამ დღეს პარტია „საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს სია და ქალაქების მერობის კანდიდატები წარადგინა. მუნიციპალურ არჩევნებში პარტია „საქართველოსთვის" ბრძოლას თავად გიორგი გახარია დედაქალაქის მერობისთვის ბრძოლით გაუძღვება.
პარტია „საქართველოსთვის" თავმჯდომარემ წარდგენაზე ქართული ოცნების მიერ პარტია „საქართველოსთვის" წინააღმდეგ სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენებით განხოცრიელებულ ზეწოლაზეც ისაუბრა.
„მე მინდა თითოეულ ჩვენს თანაგუნდელს მივმართო და ვუთხრა, რომ სიმართლე ერთია და არ არსებობს სხვა სიმართლე და სიმართლეა, დღეს როდესაც სახელმწიფო, რომელიც მართულია დღევანდელი ორგანიზაცია ქართული ოცნების დღევანდელი ბოსებით, ძალადობს საქართველოს რიგით მოქალაქეებზე მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მათ გამოხატეს თავიანთი პოლიტიკური აზრი!"- განაცხადა გიორგი გახარიამ.