2-09-2021
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, ფაიზერის ვაქცინის მეორე დოზით აიცრა.
მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოს შექმნა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ამისათვის კი მნიშვნელოვანი მექანიზმია ვაქცინაცია, რომელშიც პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და ზოგადად, საზოგადოება კიდევ უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ.
„უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცის ყველა წარმომადგენელს, როგორც სტუდენტებს, ასევე პროფესორ მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ვთხოვთ, ყველამ ერთად ვიზრუნოთ უსაფრთხო უნივერსიტეტების პოლიტიკაზე, რაც აუდიტორიის სივრცეში ჩვენი დაბრუნების პროცესს დააჩქარებს“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, ვირუსის გავრცელების პრევენციასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან არაერთი საინფორმაციო შეხვედრა გამართა. საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში გახსნილი სპეციალურ ამცრელ კაბინეტებში განათლების სფეროს წარმომადგენელთა აცრა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.