3-09-2021
პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა „ქართული ოცნების" ბაღდათის მერობის კანდიდატის კახა ენუქიძის წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"უდიდესი სიამოვნებაა თქვენთან შეხვედრა და იმ ულამაზესი ადგილების მონახულება, რაც ქართველი ხალხის და საქართველოს სიმდიდრეა.
ყველამ კარგად ვიცით, როგორ ხდებოდა ბაღდათის აღწერა, რომელიც უმდიდრესი იყო სოფლის მეურნეობით- თამბაქოს, სიმინდის მოყვანით, მევენახეობით, ვაზის მოვლით და ისეთი უნიკალური ჯიშებით, როგორიცაა ციცქა, ცოლიკაური, ალადასტური, ოცხანური საფერე.
დღეს ხდება ყველა ამ ჯიშების აღდგენა, რადგან იგი მივიწყებული იყო. განსაკუთრებით მე-20 საუკუნის მანძილზე ხდებოდა გარკვეული ჯიშების პოპულარიზაცია და ჩვენ შევძელით და აღვადგინეთ ის უნიკალური ჯიშები, რომლითაც ქართული მევენახეობა მდიდარი იყო და რა თქმა უნდა, ბაღდათს თავისი როლი აქვს ამ კუთხით.
გული მწყდება, რომ საქართველოში ბევრმა არ იცის თუ რა სიმდიდრეა ბაღდათში და რამხელა პოტენციალი აქვს მას. მე აქ ბევრ ადგილას ვარ ნამყოფი, თუმცა, ჩემთვისაც სიახლე იყო, როდესაც გავიგე, ჩემი მეგობრებისგან, რომლებიც მოგზაურობდნენ ამ მხარეში, თუ რა სილამაზეა ხანის ჩანჩქერი. ყველა ვცდილობთ, რომ სხვა ქვეყანაში ჩავიდეთ, ასეთი სილამაზე ვნახოთ და საქართველოში ბევრმა არც იცის, რომ არსებობს ხანის ჩანჩქერი და რამდენად საინტერესო ტურისტული მიმართულება შეიძლება გახდეს ეს. მთავარია სწორი ინფრასტრუქტურის განვითარება, ბილიკებით, მინიშნებებით, საპიკნიკეებით, სადაც ოჯახებით შევძლებთ მისვლას.
ბაღდათში იყო მეფეების საზაფხულო რეზიდენცია. მათ იცოდნენ, სად არის ის უნიკალური მიკროკლიმატი, სადაც ყველამ შეიძლება მიიღოს დიდი სარგებელი.
ბევრს არ ვიტყვი კურორტ საირმეზე, რა თქმა უნდა, ის ცნობილია, თუმცა, საერთოდ მივიწყებულია ზეკარის უცნობილესი ბალნეოლოგიური კურორტი, რომელსაც სჭირდება განახლება, ინვესტიციები. ბევრი საინტერესო ადგილია აქ, რითაც ბაღდათმა ნამდვილად შეიძლება გამოიჩინოს თავი და მთელი მუნიციპალიტეტი ძლიერად დადგეს ფეხზე.
ფერდობებზე შეფენილი ულამაზესი სოფლები ბრწყინვალე ,,გესთჰაუსები" შეიძლება გახდეს, მთავარია სწორად მივიტანოთ მოსახლეობამდე ის შესაძლებლობები, რომელიც არსებობს და კიდევ ახალი შესაძლებლობები გავაჩინოთ იქნება ეს ტურისტული მიმართულება, სოფლის მეურნეობა თუ სხვადასხვა პროგრამები, რომელიც თითოეული თქვენთაგანის გამოსაყენებელია.
ერთ-ერთი მთავარი, რაზეც უნდა ვიზრუნოთ, არის ახალგაზრდების ჩართულობა, რათა მეტი სარგებელი მოუტანონ თავიანთ რეგიონს, თავიანთ კუთხეს.
ეს უნდა იყოს ახალი მერის საზრუნავიც. ახალი მიმართულება, რომლითაც ბაღდთმა ნამდვილად უნდა გამოიჩინოს თავი, გახდეს უფრო ძლიერი, რადგან საქართველო ვერ იქნება ძლიერი, თუ არ გვექნება ძლიერი მუნიციპალიტეტები.
ამის სრული პოტენციალი არსებობს, ყველანაირი შესაძლებლობა, მთავარია სწორად დაიგეგმოს და სწორად გავაგრძელოთ განვითარება.
ინფრასტრუქტურული პროექტები საკმაო რაოდენობითაა რეგიონებში, მათ შორის ბაღდათში. საჭიროა ერთიანი ხედვის არსებობა, რომელიც აუცილებელია თქვენთან ერთად იყოს შემუშავებული. ამიტომ, თქვენი ჩართულობა იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც მერის და საკრებულოს მიერ არის გადასაწყვეტი, არის აუცილებელი და რა თქმა უნდა, მოგიწოდებთ ამისკენ.
აუცილებლად უნდა ვიფიქროთ გრძელვადიან პერსპექტივაზე. ამისთვის საჭიროა შესაბამისი გეგმები, ხედვა და მთავრია სწორად აღვასრულოთ იგი.
იმედი მაქვს, რომ ოთხი წლის შემდეგ, ნამდვილად ვიამაყებთ მერის წარმატებებით, რისი მონაწილეც რა თქმა უნდა, იქნებით თქვენ.
მჯერა, რომ 2 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ ძლიერად და გავაგრძელებთ ბაღდათის და ყველა სხვა მუნიციპალიტეტს განვითარებას ისე, როგორც ამას იმსახურებს თითოეული თქვენთაგანი" - განაცხადა კუჭავამ.