4-09-2021
მმართველი პარტიის თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე ნიაღვრისა და გურამ რჩეულიშვილის ქუჩებს ესტუმრა, ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად რაიონის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული პროექტები განიხილა და არსებული გამოწვევების დაძლევის კუთხით სამომავლო ხედვებსა და გეგმებზე იმსჯელა. მოსახლეობასთან შეხვედრებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე ესწრებოდა.
„მთაწმინდის რაიონის განვითარების გეგმის ფარგლებში, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პარალელურად, „ქართული ოცნების" გუნდთან ერთად ვიზრუნებთ, რომ ყველა უბანში უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული კეთილმოწყობილი გარემო.
მე პირადად ვიდგები თქვენ გვერდით და ყოველთვის ვიქნები ხელმისაწვდომი რაიონში არსებული ვითარების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ნებისმიერი საკითხისა თუ ინიციატივის განსახილველად" – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობასთან საუბრისას.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი Covid-19-ის გავრცელების შედეგად გამოწვეულ პრობლემებსა და მათი დაძლევის გზებსაც შეეხო. მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, პანდემიის პირობებში მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით, სხვადასხვა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამა ამოქმედდა, რომელთა განხორციელება მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.