გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავარი საზრუნავი და საქმე უნდა იყოს, რაც შეიძლება დროულად დავძლიოთ სიღარიბე და უმუშევრობა, ამისთვის მთავრობა გეგმავს ძალიან მასშტაბური პროექტების განხორციელებას

5-09-2021

ჩვენ ყველა კარგად ვხვდებით, რომ ჩვენი ძვირფასი ხალხის მთავარი პრობლემა და გამოწევა უმუშევრობა და სიღარიბეა; ჩვენი მთავარი საზრუნავი და საქმე უნდა იყოს, რაც შეიძლება დროულად დავძლიოთ სიღარიბე და უმუშევრობა, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ლენტეხის მერობის კანდიდატის, გიორგი ონიანის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ამისთვის მთავრობა გეგმავს ძალიან მასშტაბური პროექტების განხორციელებას.

„ბოლო 8 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა. ამის თაობაზე ჩვენს მოსახლეობას აქტიურად ვაბარებთ ანგარიშს, იქნებოდა ეს ინფრასტრუქტურა, გზების მოწესრიგება, წყალგაყვანილობა, გაზიფიცირების სამუშაოები, სოფლის მეურნეობის მიმართულებით რეალურად შთამბეჭდავი და ხელშესახები პროექტების წამოწყება და განხორციელება. ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით ჩვენს მიერ გადადგმული ხელშესახები ნაბიჯები - პროგრამები - „აწარმოე საქართველოში", „შეღავათიანი აგროკრედიტი", „დანერგე მომავალი" და უამრავი სხვა პროექტი, რომელიც ჩვენ ერთად განვახორციელეთ. შედეგად, შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, დოვლათი და კეთილდღეობა მიუვიდა ჩვენს მოსახლეობას, თუმცა ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის. ჩვენ ყველა კარგად ვხვდებით, რომ ჩვენი ძვირფასი ხალხის მთავარი პრობლემა და გამოწევა უმუშევრობა და სიღარიბეა. ჩვენი მთავარი საზრუნავი და საქმე უნდა იყოს, რაც შეიძლება დროულად დავძლიოთ სიღარიბე და უმუშევრობა. ამისთვის მთავრობა გეგმავს ძალიან მასშტაბური პროექტების განხორციელებას. სოფლის მეურნეობის მიმართულებით ჩვენ გადავდგით ძალიან ეფექტური ნაბიჯები და ახლა ვიწყებთ ძალიან მასშტაბურ სამუშაოებს. კიდევ უნდა გავაფართოოთ ის პროგრამები, რომლებიც ჩამოვთვალე. 7 მილიარდი ლარი დაიხარჯება სოფლის მეურნეობის რეალურად ასაღორძინებლად მომდევნო წლების განმავლობაში, რაც ფეხზე დააყენებს სოფელს, რეგიონებს მოაძლიერებს და მოსახლეობას დაასაქმებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ადგილობრივი წარმოების მიმართულებით, 2,5 მილიარდი ლარის ინვესტირება იგეგმება მომდევნო 3 წლის განმავლობაში.

„ჩვენი მთავარი აქცენტი უნდა იყოს, რეგიონების მიხედვით თანაბრად გადანაწილდეს ყველა ის სიკეთე, რომელზეც ახლა ვსაუბრობ. ასეც არის. ყველა რეგიონის პოტენციალი შესწავლილი გვაქვს და რეგიონსა და მუნიციპალიტეტზე იქნება მორგებული ყველა ის პროგრამა, რომელსაც ჩვენ უახლოეს რამდენიმე თვეში შემოგთავაზებთ. დავიწყებთ ამ პროგრამების განხორციელებას იმისთვის, რომ დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნას. 1000-ზე მეტი ახალი საწარმოს დაფინანსება არის დაგეგმილი აღნიშნული ახალი პროგრამის ფარგლებში და მინიმუმ 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ლენტეხის მოსახლეობას მერობის კანდიდატი გიორგი ონიანი წარუდგინა და მოქმედ მერს, ბადრი ლიპარტელიანს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ საარჩევნო კამპანიას და დღეს წარმოგიდგენთ მერობის კანდიდატს, ძალიან ღირსეულ, ენერგიულ ახალგაზრდა კაცს, გია ონიანს. მე ასევე მინდა, ბატონ ბადრი ლიპარტელიანს მადლობა გადავუხადო გაწეული სამსახურისთვის და ვუსურვო წარმატება შემდგომ საქმიანობაში. მოგეხსენებათ, სწორედ თქვენი დახმარებით და გვერდში დგომით, ჩვენმა პარტიამ, ჩვენმა დიდმა ოჯახმა 7 არჩევნებში გაიმარჯვა ღირსეულად და დამაჯერებლად და ახლა ვემზადებით, რომ მე-8 არჩევნებში ასევე ძალიან ძლიერად და ღირსეულად გავიმარჯვოთ ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენ ძალიან ყურადღებით შევარჩიეთ კანდიდატები, იმისთვის, რო არჩეულმა მერებმა 24 საათის განმავლობაში ხალხზე ზრუნვაში გაატარონ მერობისთვის განსაზღვრული 4-წლიანი პერიოდი", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930