6-09-2021
საქართველოს სახელმწიფოს ბიზნესმენ დავით ხიდაშელისგან საჩუქრად გადმოეცა ჭავჭავაძეების საგვარეულო ხმალი. ამასთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან ერთად სამინისტროში ბრიფინგი გამართა.
დავით ხიდაშელმა აღნიშნა, რომ მან უნიკალური ისტორიული ნივთი ბელგიის აუქციონზე შეიძინა, რათა ის სამშობლოში ჩამოეტანა და სამუზეუმო ექსპონატად ექცია. სანამ საქართველოს სახელმწიფოს საჩუქრად გადმოეცემოდა, დავით ხიდაშელის ხარჯით და დაკვეთით ექსპონატს კონსერვაცია ჩაუტარა ისტორიული იარაღის რესტავრატორმა, გოჩა ლაღიძემ. დავით ხიდაშელმა განაცხადა, რომ იარაღი აუქციონზე გამოიტანა ალექსანდრე ჭავჭავაძის პირდაპირმა შთამომავალმა და დასძინა, რომ მოცემულმა პირმა ნივთი ალექსანდრე ჭავჭავაძის ვაჟის, დავით ჭავჭავაძისგან მიიღო.
თეა წულუკიანმა დავით ხიდაშელს ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ექსპონატს კულტურის სამინისტრო საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაუდებს ბინას.
"საქმე გვაქვს უნიკალურ ექსპონატთან და ჩვენი მუზეუმებისთვის დიდ შენაძენთან, მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ, რომ დავით ჭავჭავაძის ხანჯალი მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში ინახება," - განაცხადა კულტურის მინისტრმა.
"ჩვენი სამინისტრო მადლიერებას გამოხატავს დავით ხიდაშელისა და ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც საქართველოს სხვადასხვა მუზეუმის ფონდების გამდიდრებაში უანგაროდ მონაწილეობს და ამით საქვეყნო საქმეს აკეთებს," - დასძინა თეა წულუკიანმა.
ინფორმაციისთვის, თავად ალექსანდრე ჭავჭავაძეს ერთი ვაჟი და სამი ქალიშვილი ჰყავდა. მისი ერთადერთი ვაჟი დავით ჭავჭავაძე იყო რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი. ის არმიაში მსახურობდა 1834 წლიდან; იყო ლეიბ-გვარდიის ულანტთა პოლკში უნტეროფიცერი; ყირიმის ომის დროს (1853-1856 წწ.) ხელმძღვანელობდა კახეთის დაცვას შამილის თავდასხმებისაგან. 1854 წელს დავით ჭავჭავაძემ მიიღო მეფის ფლიგელ-ადიუტანტობა. 1856 წელს ის ტფილისის ეგერთა პოლკში გადაიყვანეს. 1861 წელს დავით ჭავჭავაძე გენერალ-მაიორი გახდა და მეფის ამალაში ჩაირიცხა. რაც შეეხება ქალიშვილებს, ნინოს სილამაზე და ალექსანდრე გრიბოედოვისადმი უსაზღვრო სიყვარული არაერთი პოეტის მუზა გამხდარა. ეკატერინე სამეგრელოს უკანასკნელი დედოფალი გახლდათ, ხოლო სოფიო - ბარონესა ნიკოლაი.
ნივთის აღწერილობა:
ხმალი ქარქაშით, ოდნავ მოხრილი ცალლესული პირით, ორი ფართე ღარით, ბოლოვდება ორლესული შაშარით, უცნობი დამღით. ტარი არის ხის, შავტყავგადაკრული, ვერცხლის სალტეებითა და ვერცხლისავე ორნამენტირებული გობაკებით. ტარი ბოლოვდება თითბრის ან დაბალსინჯიანი ოქროს ზარნიშიანი რკინის „ვაშლით". ვადაჯვარი რკინის, ორივე მხრიდან წარწერით: "Prince Tchavtchavadze". ვერცხლის სალტეებზე მოცემულია ვერცხლის სინჯის დამღა - „84" და თარიღი 1852? (ბოლო ციფრი არ იკითხება). ქარქაში არის ხის, ტყავგადაკრული, რკინის ორი საკიდიანი სალტითა და რკინის ბუნიკით. ქარქაშის ბუნიკის მიხედვით ხმალი თარიღდება დაახლოებით მე-19 საუკუნის პირველი ნახევრით, ვინაიდან ასეთი ბუნიკები საქართველოში მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში მზადდებოდა, ხოლო ხმლის პირი შესაძლოა უფრო ადრეული იყოს. იარაღს ეტყობა ხმარების კვალი.