გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველომ სავალუტო ფონდისგან 286 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სარეზერვო აქტივი მიიღო

7-09-2021

Covid-19 - ის პანდემიით გამოწვეულმა ვითარებამ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა ფინანსური გამოწვევების წინაშე დააყენა. წევრი ქვეყნების ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობისა და კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანის მიზნით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) მიმდინარე წელს ნასესხობის სპეციალური უფლების (SDR - Special Drawing Rights) განაწილების ახალი წესი დაამტკიცა და ქვეყნებს შორის 650 მლრდ აშშ დოლარის (დაახლოებით 456 მლრდ SDR) ოდენობის გადანაწილება გააკეთა.


SDR - ის აღნიშნული განაწილება მიმდინარე წლის 23 აგვისტოს შევიდა ძალაში. 650 მლრდ აშშ დოლარიდან დაახლოებით 275 მლრდ აშშ დოლარი (დაახლოებით 193 მლრდ SDR) განვითარებად ეკონომიკებში, მათ შორის დაბალშემოსავლიან ქვეყნებში განთავსდა. აღნიშნულ განაწილებაში საქართველოს 202 მლნ SDR ერგო, რაც დაახლოებით 286 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტია და დღეს გამოქვეყნებულ საქართველოს ოფიციალურ საერთაშორისო რეზერვების სტატისტიკაშიც აისახა.


აღნიშნული ოპერაცია ზრდის ქვეყნის მთლიან საერთაშორისო რეზერვებს და, შესაბამისად, კრიზისის წინააღმდეგ ფინანსურად უფრო მდგრადს ხდის. SDR - ის ფლობა ქვეყანას საშუალებას აძლევს საერთაშორისო რეზერვების შესავსებად უფრო ძვირადღირებული საშინაო ან საგარეო ვალის აღება შეამციროს. ამავე დროს, SDR ქვეყნის უპირობო ვალდებულებაა. იგი საგადასახდელო ბალანსის აქტივებში აღირიცხება, ერთი მხრივ, როგორც სარეზერვო აქტივი, ხოლო, მეორე მხრივ, როგორც გრძელვადიანი ვალდებულება.


SDR - ის აღნიშნული განაწილება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ წევრი ქვეყნებისთვის, მიმდინარე პანდემიური ვითარების და გლობალური კრიზისის დაძლევის პროცესში, გამოხატული მნიშვნელოვანი მხარდაჭერის დასტურია. ასეთი განაწილებები მსოფლიოს ფინანსურ სტაბილურობაში მნიშვნელოვანი წვლილის შემტან მოვლენებად განიხილება.


წინა მსგავსი განაწილება 2009 წელს მოხდა, როდესაც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წევრი ქვეყნებისთვის 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისიდან გამოსაყვანად 250 მლრდ აშშ დოლარის ექვივალენტი SDR განათავსა. განაწილების ამ რაუნდის დროს, საქართველომ 144 მლნ SDR (225.5 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტი) მიიღო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930