9-09-2021
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შესული შეტყობინების თანახმად, მესტიაში, მწვერვალ უშბაზე უცხოეთის ორი მოქალაქე გაუჩინარდა. ინიციატორის ინფორმაციით მთამსვლელებთან ვერ ხერხდებოდა დაკავშირება, უცნობი იყო მათი მდგომარეობა და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება.
შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა და დაიწყო აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. უამინდობის და რთული გარემო პირობების გამო, მაშველებს მწვერვალზე ქვეითად გადაადგილება უწევდათ. საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში შსს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, საძიებო ოპერაციის ფარგლებში, მწვერვალ უშბაზე ორი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ცხედრები გადმოსვენებულია მესტიაში და ტარდება შესაბამისი პროცედურები.