9-09-2021
ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) მსოფლიო კონსერვაციის კონგრესის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის საბჭოს წევრად, 4 წლის ვადით აირჩიეს. საბჭო, კონგრესებს შორის ინტერსესიურ პერიოდში, კავშირის მთავარ მმართველ ორგანოს წარმოადგენს.
IUCN - ის მსოფლიო კონსერვაციის კონგრესი საფრანგეთში, ქალაქ მარსელში, 3-11 სექტემბერს ტარდება. ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცოდნისა და ინფორმაციის გაცვლას, ასევე, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის აუცილებელი ქმედებების განსაზღვრას. კონგრესზე, განსახილველ საკითხებს შორის არის: 2020 წლის შემდგომი ბიომრავალფეროვნების სტრატეგია, ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება, დაცული ტერიტორიების და ტყის მდგრადი მართვა.