26-05-2018
საქართველოს იურიდიულად აღიარების შემდეგ მთავრობის თავმჯდომარე, ნოე ჟორდანიას ხალხისთვის ის საზეიმო ამბავი მიულოცავს, რომლითაც „იშვა ახალი სახელმწიფო კაცობრიობის წიაღში“. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო შევიდა სრულუფლებიან სახელმწიფოთა შორის და ქვეყნის ცნობა არის არა წუთიერი, არამედ მუდმივი აქტი, რომელსაც მოწინავე სახელმწიფოები დაეთანხმნენ. სიტყვის დასასრულს, ჟორდანიას ქართველი ხალხისათვის მოუწოდებია, რომ ქვეყნის სრულუფლებიან სახელმწიფოდ აღიარება და ნდობა ქართველობას სიმტკიცით გაემართლებინა:
„დამფუძნებელი კრების მიერ საქართველოს კონსტიტუციის განხილვის დროს, დარბაზში უეცრად გავრცელდა საზეიმო ამბავი მოკავშირეთა მიერ საქართველოს იურიდიულად აღიარების შესახებ -ამის გამო რიგს გარეშე სიტყვა ეძლევა მთავრობის თავმჯდომარეს, რომელსაც დამფ. კრება დიდი ტაშის ცემითა და ოვაციებით ეგებება.
ნ. ჟორდანია: მოქალაქენო, მომეცით ნება მოგილოცოთ ის ამბავი, რომელიც ეხლა მივიღეთ. ჩვენ გვატყობინებს ბ. ევ. გეგეჭკორი იტალიის მისიის საშუალებით, რომ ამ თვის 27, უმაღლესმა საბჭომ იცნო საქართველო „დე-იურე“. (ტაში, ოვაციები, ისმის ხმები; ვაშა). ამ აქტით იშვა ახალი სახელმწიფო კაცობრიობის წიაღში. ეს ახალი სახელმწიფო არის ჩვენი სახელმწიფო (ტაში). ჩვენ აქამდის თვითონ ვთვლიდით ჩვენ თავს სახელმწიფოდ, ჩვენ თავს თვითონ ვაღიარებდით სუვერენულ და დამოუკიდებელ ერთეულად. ამიერიდან კი ამ ჩვენ აზრს, ამ ჩვენ დებულებას, რომელიც ჩვენ ვაღიარეთ სამი წლის წინათ, დაეთანხმნენ მოწინავე სახელმწიფოები და ამით ჩვენ შევედით სრულუფლებიან სახელმწიფოთა შორის.
ჩვენ ამიერიდან არ გვეშინია არავითარი საფრთხის, ვინაიდან ჩვენი სახელმწიფოს ცნობა არის აქტი არა წუთიერი, არამედ არის აქტი მუდმივი.
თქვენ იცით, რომ ბელგია იქმნა დაპყრობილი, მაგრამ არავის უთქვამს, რომ ბელგია სახელმწიფო არ იქნება, ის არ აღსდგება (ტაში) იმ ჩვენ გართულებულ მდგომარეობაში, რომელშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით ეს ჩვენი ცნობა უდრის დახმარებას, და აი ამ ტრიბუნიდან უნდა უძღვნა სალამი, და გულითადი მადლობა გამოუცხადო იმ სახელმწიფოთა მთავრობებს, რომლითაც აი ეხლა ამ აქტით ჩვენ ხელი გამოგვიწოდეს და ჩვენ მდგომარეობაში გაგვამაგრეს.
მოუწოდოთ ყველა ჩვენ თანამშრომელთ, ყველა იმათ, ვინც აქტიურად იღებს მონაწილეობას ჩვენს სახელმწიფოს აშენებაში და აგრეთვე მთელ ჩვენს ხალხს, რომ ეს ჩვენი სრულუფლებბიანი სახელმწიფოდ აღიარება და ეს ნდობა ჩვენი სიმტკიცით გავამართლოთ (ხანგრძლივი ტაში და ოვაციები ჰფარავენ მთავრობის თავმჯდომარის სიტყვას)“-წერს გაზეთი „სახალხო საქმე“. (სტილი დაცულია)
NSP.GE ©