10-09-2021
ჩვენ, ყველამ ერთად, 2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან მოყოლებული, 7 არჩევნებში გავიმარჯვეთ და ახლაც, მე-8 არჩევნებში გავიმარჯვებთ დამაჯერებლად, რადგან ჩვენს გუნდს ალტერნატივა არ ჰყავს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" თიანეთის მერობის კანდიდატის, ლევან წიკლაურის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა თავისი პასუხისმგებლიანი საქმით დაამტკიცა, რომ შესწევს უნარი და ძალა, რომ მართოს ქვეყანა და აიღოს პასუხისმგებლობა მოსახლეობის დაცვასა და უსაფრთხოებაზე.
„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე, პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მშვიდობაზე, სტაბილურობასა და განვითარებაზე. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ შთამბეჭდავია ის საქმე, რაც ბოლო წლების განმავლობაში ყველა რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში გავაკეთეთ, რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ძალიან ბევრი გამოწვევაა ჩვენი ხალხის წინაშე. კარგად ვიცით, რომ მთავარი გამოწვევაა უმუშევრობა, გაჭირვება, სიღარიბე. სწორედ ამიტომაც, ყველას მთავარი საქმე და საზრუნავი, იქნება ეს ცენტრალური მთავრობა, ადგილობრივი ხელისუფლება, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე უნდა იყოს კონცენტრირებული. ბოლო წლებში ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი დავაფინანსეთ, იქნებოდა ეს ინფრასტრუქტურა, განათლების მიმართულებით ჩვენს მიერ გადადგმული ეფექტიანი ნაბიჯები, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია, 170-ზე მეტი ახალი სკოლა აშენდე, 250 რეაბილიტირდა, ბაღების მშენებლობა, ასობით ახალი საბავშვო ბაღის აშენება, აღდგენა-რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურა, გზების, ხიდების მშენებლობა, ყველა მუნიციპალიტეტში გზებს ჩავუტარეთ რეაბილიტაცია, ჯამში 10 ათასი კმ გზის რეაბილიტაცია-აღდგენა მოხდა ბოლო 8-9 წლის განმავლობაში. ამას გარდა, ძალიან აქტიურად ვახორციელებთ ძალიან მასშტაბურ, საუკუნის პროექტებს, როგორიც არის რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე ძალიან შთამბეჭდავი პროექტები, ახლა ვიმყოფებოდით ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი გზის და გვირაბის მშენებლობაზე", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს ყველაფერი მოქალაქეების კეთილდღეობაზე აისახება, თუმცა გამოწვევად რჩება უმუშევრობა და სიღარიბე, რომელიც ქვეყნის მთავარი პრობლემაა.
„ჩვენ კარგად ვიცით, რომ უმუშევრობა და სიღარიბე არ დამდგარა გუშინ და გუშინწინ. ეს არის სწორედ იმ უგუნური, არასწორი პოლიტიკის შედეგი, რომელიც ჩვენმა წინა ხელისუფლებებმა, უგუნურმა მმართველებმა მოიტანეს ჩვენს ქვეყანაში. მოსახლეობას ძალიან გაუჭირდა, დაკარგეს სამუშაო ადგილები. ათასობით და ასი ათასობით მოქალაქემ დაკარგა სამუშაო ადგილი მას შემდეგ, რაც ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და ბევრი რამ არასწორი მიმართულებით განვითარდა, გვქონდა ძალიან ბევრი შიდა არეულობა, ომი, კონფლიქტები და ა.შ." - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.