10-09-2021
ბოლო წლების განმავლობაში სიცოცხლე დაუბრუნდა მიტოვებულ სოფლებს, უამრავი ასეთი სოფელი გვაქვს, ჩვენი მიზანია, კიდევ ერთხელ დავუბრუნოთ სიცოცხლე დუშეთის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებს, სადაც ჯერჯერობით მოსახლეობა არ არის, ერთად ვიზრუნოთ მათ იქ დაბრუნებაზე, ინფრასტრუქტურის მოწყობასა და კეთილდღეობაზე" - განაცხადა „ქართული ოცნების" დუშეთის მერობის კანდიდატმა მანანა ნარიმანიძემ წარდგენაზე.
მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, დუშეთის მუნიციპალიტეტში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, თუმცა, ჯერ კიდევ რჩება პრობლემები.
„მე დუშელი ვარ, ეს ჩემთვის ყველაზე საამაყოა, აქ დავიბადე და გავიზარდე, ზუსტად ვიცი თითოეული პრობლემა, რაც შეიძლება ჩემი მუნიციპალიტეტის მკვიდრს აწუხებდეს. სწორედ თქვენი, ხელისუფლების გვერდში დგომით იმედი მაქვს, ყველა პრობლემები ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდება, ყველაფერი მოწესრიგდება და ჩვენი დუშეთი იქნება ყველაზე ევროპული ქალაქი. ეს არის ჩემი ბავშვობის ოცნება, ჩვენ ვიყოთ პატარა, ევროპული ქალაქის მკვიდრნი. ჩემი მიზანია, დუშეთში მკვეთრად გავაუმჯობესოთ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, გავუფრთხილდეთ უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტშია, ხელი შევუწყოთ განათლების, ჯანდაცვის, სპორტის და კულტურის განვითარებას და რაც მთავარია, ავითვისოთ ის უნიკალური ტურისტული პოტენციალი, რომელიც ჩემს მუნიციპალიტეტს გააჩნია. მიუხედავად იმის, რომ ძალიან ბევრია გაკეთებული, ტურიზმის განვითარების მხრივ, კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. მჯერა, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ და ჩვენს სიტყვას ვიტყვით" - განაცხადა მანანა ნარიმანიძემ.
მერობის კანდიდატმა საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა: ესენი არიან გიორგი ინაშვილი, ზაზა უნდილაშვილი, ვაჟა მაჭავარიანი, ზურაბ არაბული, ნუკრი უნდილაშვილი, ლევან წითური, როინ პეტრიაშვილი, გია ზურაბაშვილი, ხვიჩა გოგოლაური, ნანი თეთრუაშვილი, ალექსანდრე ბუჩუკური.