27-05-2018
ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა ცვლილებები პირველ რიგში მოქმედ პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს შეეხოს და ის შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჩაანაცვლოს. თავად კვირიკაშვილს კი საპრეზიდენტო კანდიდატად ამზადებენ.
გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტობის კატეგორიული წინააღმდეგია, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ ბიძინა ივანიშვილი მის გადარწმუნებას ჯერ კიდევ ცდილობს.
არსებული ინფორმაციით ცვლილებები შესაძლოა შეეხოს კულტურისა და იუსტიციის მინისტრებსაც.
როგორც ცნობილია, გიორგი კვირიკაშვილი თეა წულუკიანის შემცვლელს დიდი ხანია ეძებს. მის შეცვლაზე საუბარი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო როდესაც იუსტიციის მინისტრი დეკრეტულ შვებულებაში გავიდა.
ის, რომ მთავრობაში ცვლილებები იქნება ამას საპარლამენტო უმრვალესობის წევრებიც არ მალავენ.
"ცვლილებები, რომ იქნება ფაქტია, ამას ველოდები, მაგრამ რა სახის იქნება არ ვიცი. მოვიდა ადამიანი დაბრუნდა პოლიტიკაში მას აქვს თავის ხედვა და ბუნებრივია თუ ჩათვლის საჭიროდ, რომ გუნდი ახლა უნდა შეცვალოს, მხარდაჭერა ექნება", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ.
სამთავრობო ცვლილებების ლოგიკურ აუცილებლობაზე ლაპარაკობენ ექსპერტებიც. გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშილის სისტემური ცვლილებების რეკომენდაციას აძლევს წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ქვეყანა ჩიხიდან ვერ გამოვა.
ანალოგიურად ფიქრობს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძეც, თუმცა მისი პროგნოზით ბიძინა ივანიშვილს ძველ პოსტზე დაბრუნება მოუწევს. ამიტომ კვირიკაშვილის ჩანაცვლებას გახარიათი ნაკლებად ვარაუდობს.
"გარკვეული ცვლილებები აუცილებლად განხორციელდება, თუმცა ალბათ ცოტა მოგვიანებით როცა პრეზიდენტობის კანდიდატზე შეჯერდებიან. ეს იქნება თუ არა პრემიერის დონეზე არ ვიცი, მაგრამ თუ ასე მოხდება კვირიკაშვილის ჩანაცვლებას ბიძინა ივანიშვილით ვვარაუდობ. შესაძლოა იყოს რაღაც გარდამავალი პერიოდი, მაგრამ ივანიშვილს აუცილებლად მოუწევს პრემიერის პოსტის დაკავება.
ჩემი აზრით, კვირიკაშვილი გახდება საპრეზიდენტო კანდიდატი ივანიშვილი პრემიერი. რეალური ცვილილებებიც სწორედ მაშინ განხორციელდება", - აცხადებს ძაბირაძე.
მისი თქმით, პროცესები ჩიხშია, ამიტომ ივანიშვილს მოუწევს საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა.
"ივანიშვილს შეიძლება არ ჰქონდეს მთვარობის მეთაურის პოსტის დაკავების სურვილი, მაგრამ პროცესები მიდის ძალიან ცუდად და ერთადერთი ადამიანი ვისაც შეუძლია ამ პროცესების შეჩერება ეს არის ივანიშვილი. ნაკლები, მაგრამ მას პოლიტიკური კაპიტალი ჯერ კიდევ აქვს.
გახარიას პარლამენტში საკმაოდ კარგი გამოსვლა ჰქონდა, მაგრამ ეს შეიძლება იყოს საწყისი ეტაპი, როდესაც ის იწყებს პოლიტიკური კაპიტალის დაგროვებას.
მეორე - სანამ "ოცნება"ხელისუფლებაში იქნება საზოგადოებას ექნება განცდა რომ ივანიშვილი მართავს პროცესებს და როდესაც მოსახლეობაში ასეთი განცდაა უბრალოდ ლიდერი ვერ იქნები.
ივანიშვილი როდესაც ამ ნაბიჯს გადადგამს მას აუცილებლად დასჭირდება გუნდის განახლება. შესაძლოა ყველა იყოს ძალიან კარგი მინისტრი, მაგრამ პირველი სიმპტომი რომ მოსახლეობაში გაჩნდეს რწმენა - იგი ბრუნდება და ახლა რაღაცას გააკეთებს აუცილებელია მთვარობაში სახეების შეცვლა", - აღნიშნა ძაბირაძემ.