13-09-2021
თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, მისი არჩევის შემთხვევაში, საზოგადოებას მუნიციპალური ავტობუსების რაოდენობის ზრდას, სატრანსპორტო დერეფნების მოწყობას, ვადიანი სამგზავრო აბონემენტების სისტემის ამოქმედებას და შედეგად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სიჩქარისა და ტევადობის გაზრდას პირდება.
მისივე თქმით, დაპირებისამებრ, წელსვე დასრულდება მიკროავტობუსების პარკის განახლება.
„380 ახალი ავტობუსი შეემატება თბილისს. აქედან 180 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსი იქნება, ხოლო მომავალ წელს ვაპირებთ, შევისყიდოთ 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. ათი სატრანსპორტო დერეფანი იქნება ქალაქში, რომელზეც საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეძლებს სწრაფ და შეუფერხებელ გადაადგილებას შესაბამისი საავტობუსე ზოლების საშუალებით", - განაცხადა კახა კალაძემ.
მუნიციპალური ტრანსპორტის განახლების დეტალებზე თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ისაუბრა.
„კახა კალაძის გუნდმა ბოლო 4 წლის განმავლობაში მოახერხა 536 სრულიად ახალი ავტობუსის შესყიდვა და ქალაქში შემოყვანა. ჩვენ ამით მთლიანად ჩავანაცვლეთ ყვითელი ავტობუსები. ჩვენი მიზანია, მომდევნო 4 წლის განმავლობაში შევიძინოთ დამატებით 380 ერთეული ავტობუსი, რათა კიდევ უფრო კომფორტული და მოქნილი გავხადოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
მისივე თქმით, წლის ბოლომდე დასრულდება ქალაქში 1000 ახალი მიკროავტობუსის შემოყვანა.
„რაც შეეხება მიკროავტობუსების მძღოლებს. მათი შემოსავალი ხელფასის სახით იქნება, რაც უფრო სტაბილური იქნება პირადად მათთვის. უფასო, 90-წუთიანი გადაჯდომის რეჟიმი გავრცელდება ყველა მიკროავტობუსზე, როგორც დღეს გვაქვს 300 ახალ მიკროავტობუსზე", - აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა.
ირაკლი ხმალაძის განცხადებით, 2023 წლიდან ამოქმედდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაფარვის ახალი ქსელი და იქამდე დასრულდება ათი სწრაფი სატრანსპორტო დერეფნის მოწყობაც.
„აქედან პირველი დერეფანი უკვე ერთი წელია ფუნქციონირებს. 2020 წლიდან ამოქმედდა პოლიტკოვსკაიას და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩების დამაკავშირებელი სწრაფი დერეფანი. მომდევნო 2 წლის განმავლობაში კიდევ 9 დერეფანი ამოქმედდება", - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, მოეწყობა შემდეგი სწრაფი გადაადგილების სატრანსპორტო დერეფნები: უნივერსიტეტის ქუჩა - მოსკოვის გამზირი; თამარაშვილის ქუჩა - მოსკოვის გამზირი; ჭავჭავაძის გამზირი - ხიზანიშვილის ქუჩა; ვაჟა-ფშაველას გამზირი - ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა; უნივერსიტეტის ქუჩა - კუპრაძის ქუჩა; ხიზანიშვილის ქუჩა - კუპრაძის ქუჩა; დემეტრე თავდადებულის ქუჩა - სადგურის მოედანი; დემეტრე თავდადებულის ქუჩა - უნივერსიტეტის ქუჩა; ხიზანიშვილის ქუჩა - უნივერსიტეტის ქუჩა.
როგორც ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, შეღავათიანი და კომფორტული მგზავრობის მიზნით ამოქმედდება ერთკვირიანი, ერთთვიანი, ექვსთვიანი და ერთწლიანი სამგზავრო აბონემენტების სისტემა.
„ამ ყველაფრის შედეგად, გვექნება შემდეგი გაუმჯობესება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით: გაჩერებებზე მოცდის 35-წუთიანი ინტერვალი შემცირდება 10 წუთამდე; ჩვენი მმართველობის პერიოდში, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, თბილისის ავტობუსების ჯამური ტევადობა 27 000-დან გაიზარდა 52 000 ადგილამდე, ხოლო 2023 წლიდან გაიზრდება 103 000 ადგილამდე; საავტობუსე ქსელის დაფარვის არეალი 151 კვ.კმ-დან გაიზრდება 235 კვ.კმ-მდე; სწრაფ სატრანსპორტო დერეფნებზე სიჩქარე გაიზრდება 30%-ით; საზოგადოებრივი ტრანსპორტის დღიური მომსახურების პარამეტრი, რომელიც დღეს არის 623 000 მგზავრობა, 2 წლის განმავლობაში გაიზრდება 1 050 000 მგზავრობამდე", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.