13-09-2021
დამატებით იქნება ასახული იმ პირების მონაცემები, ვისაც გადატანილი აქვს კოვიდ-ინფექცია უკანასკნელი 6 თვის მანძილზე და მათი სტატუსი გათანაბრდება უსაფრთხო სტატუსის მატარებელ პირებთან, იგივენარად, როგორც ვაქცინირებული პირები არიან, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან 2 კვირის მანძილზე ხდება ამ 6 თვის ათვლა და პერიოდის მანძილზე მოქალაქეს ექნება ე.წ. მწვანე სტატუსი.
„საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო რამდენიმე გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილებები არ არის შემზღუდავი რეგულაცია, პირიქით, ეს გადაწყვეტილებები მიმართულია, რომ მეტი კომფორტი შევუქმნათ გარკვეული კატეგორიის პირებს. კერძოდ, დამატებით იქნება ასახული იმ პირების მონაცემები, ვისაც გადატანილი აქვს კოვიდ-ინფექცია უკანასკნელი 6 თვის მანძილზე და მათი სტატუსი გათანაბრდება უსაფრთხო სტატუსის მატარებელ პირებთან, იგივენარად, როგორც ვაქცინირებული პირები არიან. ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან 2 კვირის მანძილზე ხდება ამ 6 თვის ათვლა და ამ 6 თვის მანძილზე მას აქვს ე.წ. მწვანე სტატუსი. ეს გამოიყენება ყველა იმ შემთხვევაში, რაც აქამდე იყო განსაზღვრული, მაგალითად კონფერენციები, ვორქშოპები, ტრენინგები, სპორტული შეჯიბრებები და ა.შ. იმ პირებს, ვისაც აქამდე ევალებოდა, რომ წარედგინა მსგავს ღონისძიებებზე დასასწრებად ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი, ან 72 საათიანი PCR ტესტი და 24 საათიანი სწრაფი ტესტი, დაემატება ის კატეგორია, რომელსაც უკანასკნელი 6 თვის მანძილზე აქვს გადატანილი კოვიდი.
რაც შეეხება ტრანსპორტს, იცით, რომ ტრანსპორტი დღეიდან აღდგა, უბრალოდ, ძალიან მკაცრად გაკონტროლდება ტრანსპორტში პირბადის ტარება. ტრანსპორტის შესაბამისი სამსახურები გააკონტროლებენ ამ რეგულაციას და ეს რეგულაცია ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ გარკვეულწილად მიღწეული პროგრესი კოვიდინფიცირების თვალსაზრისით, ვგულისხმობ შემცირებულ რაოდენობას", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.