გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი აზერბაიჯანელი ძმები და აზერბაიჯანი ჩვენთვის მხოლოდ მეზობელი ქვეყანა არ არის - ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს

18-09-2021

„სოკარს" გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა აქვს. განხორციელებული აქვს ძალიან ბევრი სოციალური მნიშვნელობის პროექტები ჩვენი მოსახლეობისთვის სხვადასხვა რეგიონში და დღევანდელი დღე არის სწორედ ამის დადასტურება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, ახალი სპორტკომპლექსის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა კომპანია „სოკარის" ინვესტიციების მნიშვნელობას საქართველოსთვის და აღნიშნა, რომ კომპანის ასეულობით მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული საქართველოში და ქვეყანაში მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევა.



„ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა. მე მინდა ჩვენს განსაკუთრებულ სტუმარს მადლობა გადავუხადო ჩამობრძანებისთვის. ბატონი როვნაგ აბდულაევი არის ჩვენი ქვეყნის მეგობარი. იგი წარმოადგენს კომპანია „სოკარს", რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი ჩვენს ქვეყანაში. „სოკარს" ასეულობით მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული საქართველოში და ეწევა ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობას ჩვენს ქვეყანაში. ამავდროულად, მინდა აღვნიშნო,რომ „სოკარს" გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა აქვს. განხორციელებული აქვს ძალიან ბევრი სოციალური მნიშვნელობის პროექტები ჩვენი მოსახლეობისთვის სხვადასხვა რეგიონში და დღევანდელი დღე არის სწორედ ამის დადასტურება. ჩვენ ვიმყოფებით მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყიზილაჯლოში და ჩვენ ამ მნიშვნელოვან, ლამაზ საჩუქარს გავხსნით დღეს ოფიციალურად. ეს არის საჩუქარი ადგილობრივი მოსახლეობისთვის - თანამედროვე ევროპული სტანდარტების სპორტული კომპლექსი, რომელიც ჩვენი ახალგაზრდებისთვის ძალიან ძვირფასი საჩუქარი იქნება, ამიტომ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონ როვნაგს და კომპანია „სოკარს".


რა თქმა უნდა, ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ახალგაზრდობაში ჯანსაღი ცხოვრების წესი წავახალისოთ და სწორედ ეს ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია. ამას გარდა, მინდა ჩვენს მოსახლეობას, ხალხს ვუთხრა, რომ დღეს ბატონი როვნაგი გახსნის მათი დაფინანსებით სოფელ კაბალში საბავშვო ბაღს, რომელი პროექტის განხორციელებაც ერთი წლის წინ დაიწყო და გეტყვით, რომ სულ რაღაც ერთი წელია ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო და დღეს უკვე ვხედავთ, რომ მზად არის. პროექტი 3 მლნ ლარი დაჯდა. ასე რომ ეს არის ძალიან კარგი მაგალითი ჩვენი ძმობის, მეგობრობის და ურთიერთთანამშრომლობის. მე ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი აზერბაიჯანელი ძმები და აზერბაიჯანის სახელმწიფო ჩვენთვის მხოლოდ მეზობელი ქვეყანა არ არის. მე ყოველთვის ვამბობ, რომ აზერბაიჯანი და აზერბაიჯანელები არიან ჩვენი ძმები და ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე ურთიერთობა. ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს. ასევე გეტყვით, რომ სოკართან ერთად მთავრობა ახორციელებს უპრეცედენტო მასშტაბის გაზიფიცირების სამუშაოებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ჩვენი თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერია. კიდევ ერთხელ ყველას მოგესალმებით და გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში სპორტული კომპლექსი „სოკარ ენერჯი ჯორჯიამ" ააშენა და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა.

კომპლექსი წარმოადგენს დახურულ მულტიფუნქციურ სპორტულ სივრცეს სხვადასხვა სახეობებისათვის, როგორიცაა კალათბურთი, მინი-ფეხბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი და ჭიდაობა. სპორტულ კომპლექსში განთავსდება ტრიბუნები მაყურებელთათვის, გასახდელები, საშხაპე და სანიტარული ფართები, ინვენტარის შესანახი საწყობი და ადმინისტრაციული სივრცე. შენობის ჯამური ფართი 1157 კვადრატული მეტრია. პროექტის ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. სპორტული კომპლექსის მიმდებარედ „სოკარმა" სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა საფეხბურთო სტადიონს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930