24-09-2021
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„მსურს საზოგადოებას გავაცნო საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ხელმძღვანელობის სტრასბურგსა და ბრიუსელში წარმატებული ვიზიტის შედეგები.
ამ ძალზედ ნაყოფიერი სამუშაო ვიზიტის მსვლელობისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საქართველო არის ევროკავშირისთვის პრიორიტეტული ქვეყანა და მნიშვნელოვანი პარტნიორი, აქედან გამომდინარე ჩვენი ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო მეტად გამყარდება და ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადავა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა 30-ზე მეტი შეხვედრა ევროპარლამენტარებთან, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მაღალჩინოსნებთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ევროკომისიის სამეზობლოსა და იუსტიციის დირექტორატების ხელმძღვანელობასთან. საუბრების მთავარი თემები იყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები მათ შორის ავღანეთიდან ნატო-ს გამოსვლის შემდეგ, მოახლოებული ადგილობრივი არჩევნები და რეფორმების დღის წესრიგი.
აღსანიშნავია, რომ ამ საკმაოდ ხანგრძლივ შეხვედრებზე დეტალურად იქნა განხილული თითოეული საკითხი, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებს ეხება, მათ შორის პრობლემური საკითხებიც. ყველა შეხვედრაზე ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ საქართველო არის ლიდერი ქვეყანა რეფორმების კუთხით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და აქედან გამომდინარე, საქართველოს მიმართ მოლოდინებიც და მოთხოვნებიც უფრო მეტია ვიდრე სხვა ქვეყნების მიმართ.
უსაფრთხოების კონტექსტში საუბარი იყო შავი ზღვის რეგიონში ევროკავშირის უფრო მეტი ჩართულობის გეგმებზე, რითაც უნდა დაბალანსდეს რუსეთის მზარდი აგრესია, ასევე საქართველოს უფრო მეტ დაკავშირებაზე ევროკავშირთან ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის და კომუნიკაციების კუთხით, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ და ციფრულ უსაფრთხოებას.
წელს დეკემბერში იმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, რომელზეც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით და შესაბამისად, მსჯელობა შეეხო საქართველოს მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის უფრო მეტი პრაქტიკული სარგებლის მიღების შესაძლებლობებს როგორც განათლების, ასევე დასაქმების მიმართულებით.
ევროპელ კოლეგებს გავაცანით ჩვენი სტრატეგია ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით და ვესაუბრეთ წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობაზე . პარლამენტის მიერ ოდირის რეკომენდაციებზე დაყრდნობით განხორციელებული საარჩევნო რეფორმა ცალსახად წარმატებულ ნაბიჯად იყო შეფასებული და თითოეულ შეხვედრაზე გამოითქვა იმედი, რომ საქართველო მშვიდად ჩაატარებს ამ არჩევნებს, რომლის შედეგებსაც შემდეგ აღიარებს ყველა პოლიტიკური ძალა და ქვეყანა გააგრძელებს იმ რეფორმების განხორციელებას, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული, რათა 2024 წელს გასაკეთებელი წევრობის ოფიციალური განაცხადისთვის ქვეყანა იყოს მზად. ამისთვის კი საჭიროა, რომ ევროკავშირ-საქართველოს მომდევნო წლების სამოქმედო გეგმა მალე დამტკიცდეს.
იუსტიციის დირექტორატში საუბრისას წარმატებულად შეფასდა სასამართლო რეფორმის წინა ოთხი ტალღა და ასევე საუბარი გვქონდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე. ჩვენ ევროპელ კოლეგებს მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველომ კანონმდებლობაში უკვე ასახა ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციები და მზად არის მომავალშიც გააგრძელოს თანამშრომლობა ევროკავშირის ექსპერტებთან იმისათვის რომ რეფორმა გაგრძელდეს საუკეთესო ევროპული პრაქტიკისა და გამოცდილების გათვალისწინებით.
გვსურს დავადასტუროთ, რომ „ქართული ოცნების" ხელმძღვანელობით საქართველო არის და იქნება საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო რეგიონული პარტნიორი, როგორც ევროკავშირისათვის ასევე დასავლეთისათვის. ჩვენი ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში არის შეუქცევადი და აუცილებლად განხორციელდება სტაბილური და მშვიდობიანი განვითარების პირობებში.
ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოებისთვის. ბოლო ხანებში საქართველოს მიერ გადადგმულმა სამშვიდობო ნაბიჯებმა, მათ შორის რეგიონულ ჭრილში ფართო საერთაშოროსო აღიარება მოიპოვა, რაშიც ამ ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა” - განაცხადა სამხარაძემ.