4-10-2021
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პირველკლასელებს სასწავლო წლის დაწყება, ხოლო მოსწავლეებს, პედაგოგებს,
სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და სრულიად აკადემიურ საზოგადოებას სწავლის საკლასო და სააუდიტორიო სივრცეებში გაგრძელება მიულოცა.
მიხეილ ჩხენკელი: „მოსწავლეებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, ლექტორებს – სრულიად აკადემიურ საზოგადოებას ვულოცავ სასწავლო პროცესის საკლასო და სააუდიტორიო სივრცეებში გაგრძელებას.
პირველკლასელებს კი მთელი გულით ვულოცავ პირველ ნაბიჯებს სკოლის ცხოვრებაში და წარმატებებს ვუსურვებ მათ.
როგორც მოგეხსენებათ, დღეს პირველკლასელები ახალ სასწავლო წელს პირდაპირ სასკოლო გარემოში იწყებენ. ეს გადაწყვეტილება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო და ეფუძნება პედაგოგიკურ მოსაზრებას, რომლის თანახმად პირველკლასელთა პირველი სასკოლო გამოცდილება უმჯობესია წარიმართოს საკლასო გარემოში, თანაკლასელებისა და მასწავლებლების გარემოცვაში.
პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესის საკლასო და სააუდიტორიო სივრცეებში გაგრძელება ძალიან დიდი მონაპოვარია და მას შენარჩუნება სჭირდება. ამისათვის აუცილებელია ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა, საყოველთაო იმუნიზაციის პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ჩართვა. განათლების სფეროს თითოეულმა წარმომადგენელმა - მოსწავლეებმა, პედაგოგებმა, სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და რა თქმა უნდა მშობლებმა - ყველამ უნდა გააცნობიეროს თავისი წილი პასუხისმგებლობა და გაუფრთხილდეს საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას.
კიდევ ერთხელ გილოცავთ, გისურვებთ ჯანმრთელობას, ნაყოფიერ და საინტერესო სასწავლო წელს!“