4-10-2021
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პირველკლასელებს სასწავლო წლისდაწყება, ხოლო მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სასწავლო პროცესის სასკოლო სივრცეში განახლება პირადად მიულოცა და წარმატება უსურვა. მინისტრი თბილისის საჯარო სკოლებში იმყოფებოდა, სადაც სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.მიხეილ ჩხენკელი პირადად დაინტერესდა,რამდენად უზრუნველყოფილია სკოლაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და რამდენად იცავს სასკოლო საზოგადოება ჯანდაცვის სფეროს რეგულაციებს.
მიხეილ ჩხენკელი: „მინდა საზოგადოებას მივულოცო, რომ სასწავლო პროცესი დაუბრუნდა ბუნებრივ გარემოს, სკოლებში – საკლასო ოთახს, ხოლო უნივერსიტეტებში – აუდიტორიებს. ეს ძალიან დიდი მიღწევაა, რომელსაც შენარჩუნება სჭირდება. შესაბამისად, ყველამ ზედმიწევნით უნდა დაიცვას სამედიცინო პროტოკოლი, რათა ჩვენ შვილებს ჰქონდეთ საშუალება, საკლასო ოთახებში გააგრძელონ სასწავლო პროცესი. განსაკუთრებით მინდა მივულოცო პირველკლასელებს, რომლებსაც დღეს პირველი გაკვეთილი ჰქონდათ. ჩვენ პედაგოგიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ 4 ოქტომბერს დაწყებულიყო მათთვის სასწავლო პროცესი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველი სასკოლო გამოცდილება, პირველი გაკვეთილი, ჩატარებულიყო ბუნებრივ გარემოში, მასწავლებელთან, მეგობრებთან ერთად საკლასო ოთახში.ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებულ სასწავლო წელს!“
უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო და კერძო სკოლაში, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. სკოლები უზრუნველყოფილია პანდემიის მართვისათვის საჭირო ყველა რესურსით. სახელმწიფო კვლავ უზრუნველყოფს მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირებას. სასწავლო პროცესის დაწყებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს მასშტაბით სკოლის შენობებში დეზინფექცია ჩატარდა.