31-05-2018
ისრაელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი ისრაელის განათლების მინისტრს, ნაფტალი ბენეტს შეხვდა. მინისტრმა მას ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან 70 წლის იუბილე მიულოცა და მათ განათლების სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს.
მიხეილ ჩხენკელმა კოლეგას საქართველოში დაწყებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო. მათ შორის, ისაუბრეს სისტემაში ახალგაზრდა მასწავლებლების შეყვანის სტრატეგიაზე. ნაფტალი ბენეტმა აღნიშნა, რომ სასკოლო განათლების სისტემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებიც არაფორმალური განათლების კუთხით აქტიურად არიან ჩართული მოზარდების სასკოლო ცხოვრებაში.
მინისტრებმა ისაუბრეს უმაღლესი განათლების კუთხით მჭიდრო თანამშრომლობაზეც და ამ თვალსაზრისით ბარ-ილანის უნივერსიტეტთან დაწყებულ მოლაპარაკებებზე, რომელიც ორივე ქვეყნის მეცნიერებსა და მკვლევრებს ერთობლივ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას მისცემს.
ნაფტალი ბენეტმა ხაზი გაუსვა საქართველო-ისრაელის მრავალსაუკუნოვან მეგობრობას და აღნიშნა, რომ განათლების ყველა დონეზე თანამშრომლობის გაღრმავება უმნიშვნელოვანესია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების თვალსაზრისით.
მიხეილ ჩხენკელმა კოლეგას საქართველოს გეგმა გააცნო, რომლის თანახმად, ქართულ-ებრაული მეგობრობა წარდგენილი იქნება UNESCO-ს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში. ეს ფაქტი კი კაცობრიობის ისტორიაში უნიკალური პრეცედენტია, როდესაც ერთა შორის მეგობრობას მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭება.