გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„გამარჯობა რუბის" წიგნებით დამატებით 11 სკოლის მოსწავლე ისწავლის

6-10-2021

ფინური წიგნით „გამარჯობა რუბი" პროგრამირებას, კომპიუტერულ მეცნიერებებსა და კოდის წერის საწყისებს დამატებით 11 სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლე ისწავლის. კომუნიკაციების კომისიამ ფინური წიგნები „თავგადასავალი პროგრამირების სამყაროში" და „მოგზაურობა კომპიუტერში", რომლებიც მოზარდებში მედიაწიგნიერების, კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის უნარების განვითარებას ისახავს მიზნად, დამატებით 11 საჯარო სკოლას უსასყიდლოდ გადასცა.


კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით „გამარჯობა რუბის" წიგნებით სწავლების შესახებ თბილისის, ქობულეთის, თელავის, ახმეტის, გორის, ახალციხის, ჭვინთის, მარტვილისა და ვანის საჯარო სკოლების მასწავლებლებს ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგის ფარგლებში, მასწავლებლებმა მიიღეს ინფორმაცია წიგნებით სწავლების მეთოდისა და ტექნიკების შესახებ. ტრენინგს თბილისის N71 სკოლის მასწავლებელი უძღვებოდა, რომელსაც „გამარჯობა რუბის" სწავლების მეთოდში სერტიფიცირებული ტრენინგი აქვს გავლილი და უკვე წელიწადზე მეტია ამავე სკოლის მოსწავლეებს „გამარჯობა რუბის" წიგნით ასწავლის პროგრამირებას და კომპიუტერულ მეცნიერებას.


შეგახსენებთ, რომ „გამარჯობა რუბი" არის 25 ქვეყანაში აღიარებული და წარმატებული ფინური საბავშვო წიგნების სერია, რომელიც დაწყებითი კლასის ბავშვებში კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის უნარის განვითარებას ისახავს მიზნად. „გამარჯობა რუბის" წიგნები თარგმნილი და გამოცემულია 25 ენაზე, მათ შორის, ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად, იტალიურად, ესტონურად, იაპონურად. ქართულ ენაზე თარგმნისა და გამოცემის უფლება კომუნიკაციების კომისიამ წიგნის ავტორისგან ექსკლუზიურად მიიღო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, განათლების ახალი რეფორმის ფარგლებში, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში 2019 წლიდან შეიტანა. ფინური წიგნებით კომპიუტერული მეცნიერებების საწყისებს მოსწავლეები საჯარო სკოლებში კლუბების სახით, ხოლო კერძო სკოლებში - სასწავლო გეგმის ფარგლებში ეუფლებიან.


2019 წელს კომუნიკაციების კომისიის მოწვევით წიგნების ავტორი, ლინდა ლიუკასი საქართველოში ჩამოვიდა და 60 პედაგოგი და ტრენერი თავად გადაამზადა. წიგნით სწავლების საგაკვეთილო მეთოდი დამატებით 150-მდე პედაგოგმა კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებული ტრენინგების ფარგლებში გაიარა, ხოლო კომპიუტერული მეცნიერების საწყისები III და IV კლასის 800-ზე მეტმა მოსწავლემ ისწავლა.


ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2020 წელს კომუნიკაციების კომისიამ ჩაატარა გამოკითხვა იმ სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებთან, სადაც „გამარჯობა რუბით" სწავლება მიმდინარეობს. გამოკითხვამ აჩვენა, რომ სწავლების შედეგები მაღალია, ისევე, როგორც მოსწავლეების კმაყოფილების დონე. ფინური წიგნების სერიის მიმართ განსაკუთრებული ინტერესისა და მოთხოვნის გამო, კომუნიკაციების კომისია პედაგოგებს მომავალშიც გადაამზადებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031