გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თეა წულუკიანმა და სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა „ბაკურიანი 2023"-ის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს

7-10-2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან ერთად სპორტულ ფედერაციებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს. სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტ ზურაბ კოსტავასთან და ფედერაციის სხვა ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი გახლდათ 2023 წელს ბაკურიანში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბაკურიანში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი, გარდა იმისა, რომ დაგვეხმარება ზამთრის სახეობების განვითარებაში, ის გახდება დამატებითი შემოსავლის წყარო ქვეყნისთვის, ამასთან გაზრდის ბაკურიანის ცნობადობის დონეს, რაც მომდევნო წლებში ხელს შეუწყობს ტურისტების ნაკადის გაზრდას, ასევე გააჩენს ახალ შესაძლებლობებს სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობისათვის.


მინისტრის განცხადებით, ბაკურიანში გასამართი მსოფლიო ჩემიონატის მზადების პარალელურად, ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი სპორტსმენების სათანადო მომზადება, რათა ქართველი მოთხილამურეები 2023 წელს სრულ მზადყოფნაში შეხვდნენ და ბაკურიანში ღირსეულად იასპარეზონ.


შეხვედრის ბოლოს ფედერაციის პრეზიდენტმა მინისტრს და მინისტრის მოადგილეს მადლობა გადაუხადა მსოფლიო ჩემპიონატის მზადების პროცესში სახელმწიფო სტრუქტურების მაქსიმალური მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ 2023 წელს საქართველო შეძლებს ჩაატაროს მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც საერთაშორისო ფედერაციისგან და ბაკურიანში ჩამოსული სტუმრებისგან, როგორც სპორტული, ასევე საორგანიზაციო თვალსაზრისით უმაღლეს შეფასებას მიიღებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930