გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სხვადასხვა პროექტის დაფინანსების მიზნით კულტურის სამინისტრომ კიდევ 8 კონკურსი გამოაცხადა

13-10-2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სხვადასხვა პროექტის ხელშეწყობის მიზნით 8 ახალ კონკურსს აცხადებს:


1. „ხელოვანთა სასტიპენდიო / სარეზიდენციო შვებულების ხელშეწყობა"


კონკურსისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 50 000 ლარს და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ხელოვნების სხვადასხვა დარგის პროფესიონალებს სარეზიდენციო 1 თვის განმავლობაში შესაფერის გარემოში იმუშაონ საქართველოს ნებისმიერი რეგიონის ქალაქში/სოფელში (თბილისის და ბათუმის გარდა) და შექმნან/განავითარონ/დაასრულონ შემოქმედებითი ინდივიდუალური ან ჯგუფური, მათ შორის, ინტერდისციპლინარული, პროექტები/ნაწარმოები.


კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ხელოვნების სხვადასხვა დარგის პროფესიონალებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან და ამჟამად საქართველოში ცხოვრობენ.


კონკურსანტმა თავისი სურვილით უნდა შეარჩიოს რეზიდენციის დრო და, ასევე, ადგილი, რომელიც უნდა იყოს საოჯახო ტიპის სასტუმრო. ამასთან, კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს რეზიდენციის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა და დაასაბუთოს პროექტის მნიშვნელობა მის შემოქმედებით საქმიანობაში.


2. იშვიათობად ქცეული და სახელოვნებო-საგანმანათლებლო პროცესისათვის საჭირო წიგნადი ფონდის განახლება (თარგმნა და საბეჭდი ვერსიის მომზადება)



კონკურსისათვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 50 000 ლარს და მისი მიზანია საქართველოში სახელოვნებო-საგანმანათლებლო ლიტერატურის თარგმნის ხელშეწყობა; იშვიათობად ქცეული და სახელოვნებო-საგანმანათლებლო ლიტერატურის ხელახლა გამოცემა.


ამ მიზნით, შერჩეულ იქნა 4 გამოცემის უკანასკნელი რედაქციების ინგლისური და რუსული ენებიდან ქართულად თარგმნა და საბეჭდი ვერსიის მომზადება (ორიგინალის ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით):


ა) Вахтанг Цинцадзе, „Тбилиси, Архитектура старого города и жилые дома первой половины XIX столетия", Издательство Академии наук грузиксой ССР, Тбилиси, 1958

ვახტანგ ცინცაძე, „თბილისი, ძველი ქალაქის არქიტექტურა და XIX საუკუნის პირველი ნახევრის საცხოვრებელი სახლები", საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1958 წ., 221 გვ.

ბ) Robert Hughes, "The Shock of the New, Art and the Century of Changes", Thames&Hudson, reprinted 2005. რობერტ ჰიუზი, „სიახლის შოკი, ხელოვნება და ცვლილებების საუკუნე", გამომცემლობა „თეიმსი და ჰადსონი", მე-2 გამოცემა, 2005 წ. 448 გვ.

გ) Gilda Williams, How to write about Contemporary Art, Thames& Hudson

ჯილდა უილიამსი, „როგორ დავწეროთ თანამედროვე ხელოვნების შესახებ", 264 გვ.

დ) Claire Bishop, "Installation art", Tate Publishing, 2012

კლერ ბიშოპი, „ინსტალაციის ხელოვნება", ტეიტის გამომცემლობა, 2012 წწ., 144 გვ.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, მათ შორის გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს.


კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ავტორის ან/და საავტორო და მომიჯნავე უფლებების მქონე პირის/პირების წერილობითი თანხმობა/ნებართვა, რისთვისაც მას მიეცემა ვადა 2021 წლის 20 დეკემბრამდე.


3. „კვლევა ბავშვებს შორის წიგნთან დაკავშირებით"


კონკურსის ფარგლებში, კვლევისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 30 000 ლარს და მისი მიზანია ხუთიდან თვრამეტ წლამდე ასაკის (სკოლამდელი, სკოლის - დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის) მოზარდებში კვლევის ჩატარება შემდეგი მიმართულებით:

ა) კითხვისადმი ინტერესისა და წიგნთან დამოკიდებულების დადგენა;

ბ) იმ ფაქტორების/პრობლემების გამოკვეთა, რაც შესაძლოა, აფერხებდეს თითოეულ მოცემულ ასაკობრივ კატეგორიაში წიგნთან შემეცნებით დამოკიდებულებასა და კითხვისადმი ინტერესს.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ სოციოლოგიური კვლევების მიმართულებით მომუშავე, საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს.



4. „ქართული კინოსა და კინოინდუსტრიის კვლევა"


კონკურსისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 30 000 ლარს და მისი მიზანია ქართულ კინოსა და კინოინდუსტრიაში არსებული პრობლემების კვლევა და მათი აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება.


კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ფიზიკურ პირებს და ინდივიდუალურ მეწარმეებს, რომლებსაც გააჩნიათ კვლევის ჩატარების გამოცდილება.

პროექტი უნდა მოიცავდეს რაოდენობრივ და თვისებრივ კვლევას და რეკომენდაციებს შემდეგ საკითხებზე:

ა) საქართველოს კინოინფრასტრუქტურა და მისი განვითარების პოტენციალი;

ბ) ქართული კინოწარმოების ეკონომიკა და მისი განვითარების პოტენციალი.


5. „ქართული თეატრის პრობლემატიკის კვლევა"


კონკურსისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 30 000 ლარს და მისი მიზანია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ თეატრებში არსებული პრობლემების კვლევა და მათი აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება.


კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ფიზიკურ პირებს და ინდივიდუალურ მეწარმეებს, რომლებსაც გააჩნიათ კვლევის ჩატარების გამოცდილება.


პროექტი უნდა მოიცავდეს:

ა) კულტურის სამინისტროს თეატრების რაოდენობრივ და თვისებრივ კვლევას;

ბ) რეკომენდაციებს ამ თეატრების ეფექტურობის გაუმჯობესების, სახელმწიფოზე დამოკიდებულების ხარისხის შემცირებისა და მათი საქმიანობის ეკონომიკური მდგრადობის მიღწევის მიმართულებით.



6. „საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების ეროვნული კონკურსი"


კონკურსისათვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 20 000 ლარს და მისი მიზანია საგუნდო სიმღერის საშემსრულებლო ხელოვნების განვითარება და პოპულარიზაცია; საქართველოში საგუნდო კოლექტივების პოტენციალის რეალიზებისა და მათი საქმიანობის მხარდაჭერა.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების ეროვნული კონკურსისა და შემაჯამებელი ღონისძიების (გალა-კონცერტი) ჩატარებას.


7. ,,წიგნი-ალბომებისა და საიუბილეო წიგნების გამოცემა"


კონკურსისათვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 50 000 ლარს და მისი მიზანია საქართველოში, კულტურის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ხელოვანთა შემოქმედების წარმოჩენა-პოპულარიზაცია წიგნი-ალბომებისა და საიუბილეო წიგნების გამოცემის ხელშეწყობის გზით. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, რომელთაც მსგავსი პროექტის/პროექტების განხორციელების გამოცდილება აქვთ.


8. „ტურისტული გიდებისთვის კულტურის სფეროში სპეციალური ტრენინგ მოდულის შემუშავება"


კონკურსისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 50 000 ლარს და მისი მიზანია პროფესიული სტანდარტის ჩარჩო სასწავლო დოკუმენტის შექმნა, რომელიც ითვალისწინებს კულტურის სფეროში დასაქმებული გიდების კვალიფიკაციის შემდგომ ამაღლებას; კულტურული ტურიზმის მიმართულებით დასაქმებული გიდებისათვის ახალი სტანდარტების დამკვიდრება.


კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და საქართველოში რეგისტრირებულ სხვა იურიდიულ პირებს.

აღსანიშნავია, რომ მოცემული კონკურსი სამინისტრომ მიმდინარე წლის 24 სექტემბერს გამოაცხადა, თუმცა საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, 12 ოქტომბერს კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა, რადგან წარმოდგენილი პროექტები არ იძლეოდა კონკურსის მიზნების სრულყოფილად განხორციელების საშუალებას. შესაბამისად, სამინისტრო ამ კონკურსს დღეს მეორედ აცხადებს.


საკონკურსო განაცხადები მიიღება 2021 წლის 13 ოქტომბრიდან 2021 წლის 19 ოქტომბრის 12.00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით.


შენიშვნა: მიმდინარე წლის 3 ივნისის შემდეგ სამინისტროში შემოტანილი საკონკურსო დოკუმენტაცია განიხილება შესაბამისი კონკურსის ფარგლებში და არ საჭიროებს განაცხადის განმეორებით წარმოდგენას.


საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ" N7864 ბრძანება, ფორმულარები და საკონკურსო პირობები იხილეთ ბმულებზე:


https://drive.google.com/drive/folders/1uzC2KuPJdGKFQViPt8idPya664JN_Lur?fbclid=IwA R0nL5lCgw-T-CdUs5c8sp67zVD0u87-jRygZDrvcFQtyGg99Fzz9aEWhIk

https://drive.google.com/drive/folders/1xucBang_z-UWDMmIG1SBghqK2z4DLOvP?fbclid=IwAR1gyvV1Thr5tRADzTJPBvmuZzwLi4rTAhmHi cGESJz7OmJTP7S1R32N-20

https://drive.google.com/drive/mobile/folders/1zkPClTq7FiCMjKlopslunk0h0SIKCVNy?usp=sharing

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930