21-10-2021
მინდა ერთი რამ ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ ჩვენი ხელისუფლება, რა თქმა უნდა, არავის არ მისცემს პროვოკაციის მოწყობის უფლებას და საშუალებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი მიზანი და მიზეზი, რის გამოც ჩამოვიდა სააკაშვილი, ეს იყო არეულობის მოწყობა ქვეყანაში, რომელიც არ გამოუვიდათ და მინიმუმ 6 წელი ეს კაცი იჯდება ციხეში.
„რა თქმა უნდა, ჩვენ არავის ციხეში ყოფნა არ გვიხარია და ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ ქვეყანაში არავინ არ დგან კანონზე მაღლა, იმის მიუხედავად, ვის რა თანამდებობა აქვს, ან ჰქონდა.
მე არ მინდა ვისაუბრო ჩვენი კანდიდატის ოპონენტზე. ანზორ მელია შეიძლება არის დამსახურებული ექიმი, მაგრამ მე ძალიან მაინტერესებს და კითხვა მინდა დავუსვა თითოეულ ზუგდიდელს - რა მოტივაცია აქვს ამ კაცს, როგორ უნდა მართოს ზუგდიდი კაცმა, რომელმაც არ იცის ბიუჯეტი, რამდენი სოფელი ამ ქალაქში და საერთოდ, წარმოდგენა არ აქვს, როგორ იმართება მუნიციპალიტეტი. ამ დროს, ჩვენ გვყავს ძალიან გამოცდილი, უწესიერესი კაცი, ბატონი მამუკა წოწერია, რომელიც ღირსეული ზუგდიდელია, რომელიც არ შეარცხვენს ზუგდიდელებს და ზუგდიდს, ამ ქალაქს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მინდა ვთხოვო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, რომ არც ერთი არ დარჩეს სახლში არჩევნების დღეს, ყველანი არჩევნებზე, რომ 30 ოქტომბერს საბოლოოდ ბეჭედი დავუსვათ ნაციონალური მოძრაობის ამ ბოგინს. მთავარი დამნაშავე ციხეშია, სააკაშვილი მინიმუმ 6 წელი იქნება ციხეში. მე მოვისმინე რამდენიმე ჩვენი მხარდამჭერისგან, რომ შეგნებულად ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს 6 წელი არ იჯდება, აპირებენ გადაცემას უკრაინაში და ა.შ. ყველაფერი არის გამორიცხული. გამორიცხულია, რომ სააკაშვილის საპატიმროდან გამოვიდეს ვადაზე ადრე. მინიმუმ 6 წელი იჯდება იგი საპატიმროში და რა თქმა უნდა, ასევე გამორიცხულია და ამაზე სერიოზული კომენტარი არ შეიძლება გავაკეთო, რომ ხომ არ იგეგმება მისი გადაცემა უკრაინაში, ეს არის სრული აბსურდი და ამაზე მე უკვე გავაკეთე კომენტარი.
ასევე მინდა ვთქვა ერთი რამ და მივმართო ზუგდიდელებს. რომ ვინმემ წარმოიდგინოს და დავუშვათ, ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ, რომ ანზორ მელია არის ზუგდიდის მერი. ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ წყვეტა მოხდა ცენტრალურ ხელისუფლებასთან. როგორ შეიძლება, რომ მთავრობას ამ ადამიანთან, ან ამ ძალასთან ჰქონდეს ნორმალური, კონსტრუქციული ურთიერთობა. ამით ხომ დაიჩაგრება ისევ და ისევ ჩვენი ხალხი, ჩვენი მოსახლეობა, ზუგდიდელები. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ არჩევნებს მოვიგებთ ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენ საერთო ეროვნულ დონეზე მოვიგეთ არჩევნები და მივიღეთ 47% და ახლა, ამ ოცივე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ დიდი უპირატესობით ამ არჩევნებს და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას.
ჩვენს მოსახლეობას რა სჭირდება - სამუშაო ადგილები, სიღარიბის დაძლევა, პროგრესი, განვითარება. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი და არა პოლიტიკოსებს შორის გაუთავებელი, რაღაც უაზრო, უსაგნო საუბარი და კინკლაობა. 30 ოქტომბერს ამასაც დავასრულებთ. არჩევნების შემდეგ აღარ იქნება საუბარი აღარც სააკაშვილზე და აღარც „ნაცმოძრაობაზე".
მე მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ჩვენს ამომრჩევლებს, ღირსეული პოზიციისთვის და კიდევ ერთხელ, 30 ოქტომბერს, ყველანი მივიდეთ არჩევნებზე და მოვიგოთ ღირსეულად, ძლიერად", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.