23-10-2021
„ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის” (OCC E&FP) ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მე-3 ასეულმა ნატოს შეფასების მე-2 დონის (NEL-2) საველე სწავლება ჩაატარა და პროგრამა წარმატებით დაასრულა.
ვაზიანის სასროლეთზე გამართულ სამხედრო წვრთნებს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე დაესწრო. მე-12 ბატალიონის მე-3 მსუბუქი ქვეითი ასეულის სამხედროებმა ბრძანების გაცემის, მოტორიზებული პატრულის, ჩასაფრებაზე რეაგირების, მავთულხლართიანი დაბრკოლების გადალახვის, სამედიცინო ევაკუაციისა და უკან გამოსვლის სავარჯიშოები განახორციელეს.
სწავლებაში მონაწილეობას ჯავშამანქანა „დიდგორი“ და სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ იღებდნენ. სწავლების დასრულების შემდეგ სამხედროებს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ სიტყვით მიმართა და მათ პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცა. პროგრამის ბოლოს მხარეებმა დოკუმენტზე ხელმოწერით დაადასტურეს, რომ მე-12 ბატალიონის „ჩარლი“ ასეული სრულად არის მზად მიიღოს მონაწილეობა ნატოს რეაგირების ძალებში. აღნიშნულ პროგრამას საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველო ხელმძღვანელობს.