გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: წყალტუბოში გრანდიოზული პროექტები გვაქვს დაგეგმილი და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, წყალტუბოს მერი ასევე იყოს ცენტრალური მთავრობის წარმომადგენელი

23-10-2021

დღეს შეხვედრა გვქონდა წყალტუბოს შტაბთან, ჩვენ სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული იმისთვის, რომ ჩვენი არც ერთი ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში, ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე, ჩავატაროთ მშვიდობიანი, თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები და ერთხელ და სამუდამოდ დავამშვიდოთ ქვეყანა და ჩვენი ხალხი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს წყალტუბოში განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ის, რომ წინასწარი მონაცემებით და კვლევებით მმართველი გუნდი ყველა მუნიციპალიტეტში იმარჯვებს, არ უნდა იყოს მოდუნების საფუძველი.


„პირიქით, ყველა ამომრჩეველი უნდა მივიდეს არჩევნებზე და დააფიქსიროს საკუთარი ხმა და არჩევანი გააკეთოს ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამას გარდა, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ კარგად გვესმის ჩვენი ოპონენტების, ამ დესტრუქციული ოპოზიციის ნერვიულობის საბაბი, მათ საკმარისზე მეტი მიზეზი აქვთ, რომ ინერვიულონ, თუმცა სრულიად მიუღებელია ის პანიკა და ისტერია, რომელიც მათგან მომდინარეობს. გასაგებია, რომ მათი ერთადერთი ამოცანა არის ახლა ჩვენი მოსახლეობის, საკუთარი ამომრჩევლის დაძაბვა. ჩვენი ხელწერა ყველამ კარგად გაიგო, რომ 9 წელია, ჩვენ ქვეყანას ვმართავთ დემოკრატიული გზით. ჩვენზე ჰუმანური და დემოკრატიული ხელისუფლება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენს ქვეყანას არ ჰყოლია. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ჩვენი მიღწევები და შედეგები მაძლევს ამის თქმის საშუალებას. ჩვენ გავაგრძელებთ წინსვლას. ჩვენ ახლა გვაქვს უნიკალური შანსი, მოგეხსენებათ, ქვეყანაში 3 წელი აღარ გაიმართება არჩევნები და გადავიდეთ რეალური პრობლემების მოგვარებაზე, ჩვენი ხალხის პრობლემების გადაწყვეტაზე, სამუშაო ადგილების შექმნა, ახალი პროექტების განხორციელება. წყალტუბოში, მაგალითად, გრანდიოზული პროექტები გვაქვს დაგეგმილი და რა თქმა უნდა, აუცილებელია და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, წყალტუბოს მერი ასევე იყოს ცენტრალური მთავრობის წარმომადგენელი და უნდა იყოს სრულ კოორდინაციაში ცენტრალურ მთავრობასთან. რა თქმა უნდა, ამ კოორდინაციის გარეშე იქნება მუდმივი საბოტაჟი, ქაოსი და ეს გვაჩვენა იმ პრეცედენტმა, რომელიც შეიქმნა ოზურგეთსა და თიანეთში, როდესაც ჩვენი მერი არ იყო არჩეული მერი, არამედ სხვა ოპოზიციური კანდიდატი იყო და 4 წელი იყო მუდმივი საბოტაჟი და არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა ამ მუნიციპალიტეტებში. რეალურად ხალხი დაიჩაგრა, ხალხამდე ვერ მივიდა ის სიკეთეები და გასაკეთებელი საქმეები, რომელიც შეგვეძლო გაგვეკეთებინა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი, შეიკრას მთლიანი ჯაჭვი და ერთიანი ენერგიით ბოლომდე გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი საქმე", - აღნიშნა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930