24-10-2021
სახალხო დამცველის რწმუნებულებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მიღებისთვის N18 დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.
სახალხო დამცველის რწმუნებულებმა გამოიკვლიეს, თუ რამდენად შეიძლება N18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილისთვის იმ სამედიცინო მომსახურების შეთავაზება, რაც ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნით არის განსაზღვრული. დასკვნაში საუბარია კონკრეტულ სამედიცინო ინტერვენციებზე და ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე, სადაც აღნიშნული დახმარების გაწევა იქნება შესაძლებელი.