31-10-2021
1-ელ ნოემბერს, 140 საარჩევნო უბნის შედეგები გადაითვლება. საოლქო საარჩევნო კომისიები, კანონმდებლობის შესაბამისად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 11:00 საათზე სხდომებზე წილისყრით გამოავლენენ ყოველ საარჩევნო ოლქში იმ უბნებს, რომლის შედეგებიც უნდა გადაითვალოს.
"საარჩევნო რეფორმის საფუძველზე განხორციელებულმა გადათვლის პროცედურებმა არჩევნების პირველ ტურზე გვაჩვენა, რომ აღნიშნულმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პროცესის გამჭვირვალობას.
შესაბამისად, მინდა საოლქო საარჩევნო კომისიებს მივმართო მნიშვნელოვანი ინიციატივითა და რეკომენდაციით - სავალდებულო 5 უბნის ნაცვლად, გამოავლინონ და გადათვალონ 7-7 საარჩევნო უბნის შედეგი.
მოვუწოდებ საოლქო საარჩევნო კომისიებს, გამჭვირვალობის მიზნით უზრუნველყონ კომისიის სხდომების და წილისყრის შესახებ შესაბამისი უფლებამოსილი პირების, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების ინფორმირება.
ხვალვე, გადათვლის ცენტრებში 17:00 საათზე დაიწყება ბიულეტენების გადათვლა. უზრუნველყოფილი იქნება საჯაროობა და რა თქმა უნდა, პროცესის ვიდეოგადაღება.
ხელახალი დათვლის პროცესს შეუძლიათ დაესწრონ და დააკვირდნენ უფლებამოსილი პირები: დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლები. მოვუწოდებ მათ, კანონის შესაბამისად განახორციელონ საკუთარი უფლება-მოვალეობები, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას გადათვლის პროცესის მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში წარმართვას. ჩვენ მიზანდასახული ვართ ამ პროცესში მაქსიმალურად გამოირიცხოს თუნდაც ცალკეული შემთხვევები რამაც გადათვლის მიმდინარეობას შესაძლოა ნებისმიერი სახით შეუშალოს ხელი და რა თქმა უნდა, ნებისმიერი სახის ინციდენტის შემთხვევაში გვექნება შესაბამისი რეაგირება.
გადათვლის ცენტრებში სრულად იქნება გათვალისწინებული ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი კოვიდრეგულაციები, ცენტრში შესვლისას ყველა უფლებამოსილ პირს, „კოვიდ-19“ ანტიგენის სწრაფი ტესტით ჩაუტარდება ტესტირება.
გადათვლის შედეგად დამუშავებული მონაცემები, ასევე ბიულეტენების გადათვლის პროცესის ამსახველი ვიდეომასალა უმოკლეს ვადებში იქნება ხელმისაწვდომი ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
აქვე აღვნიშნავ, რადგან კრწანისის საარჩევნო ოლქში კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით ჩატარდა, ხელახალი დათვლა არ განხორციელდება" - აცხადებენ ცესკოში.