1-11-2021
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „იმედის" ეთერში განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის №18 დაწესებულებაში გადაყვანისას არავითარი საფრთხე არ შეიქმნება.
მინისტრმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ პატიმრის გადაყვანის დროს მუშავდება რამდენიმე სცენარი, რაც გულისხმობს უსაფრთხოების ყველა წესის დაცვას. აქვე მინისტრმა განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში არის ხოლმე სრული მზადყოფნა და ის, ვინც გაბედავს ასეთ დროს ხელის შეშლას, იქნება ჩვეულებრივი დამნაშავე და პასუხს კანონის წინაშე აგებს.
,,უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ უკვე პრევენციულად მოვახდინოთ გარკვეული საფრთხეების გამორიცხვა. ჩვენ ვნახეთ, რომ, დაახლოებით, 500-600 ადამიანზე იყო საუბარი, რომ მათ მოეხერხებინათ ჩვენთვის ხელის შეშლა, როდესაც დავაპირებდით მის გადაყვანას სხვა დაწესებულებაში. ეს გეგმა მათ ჩაუვარდათ და რომც დაეპირებინათ – აქვე მინდა, მათ გასაგონად ვთქვა: როდესაც ჩვენ ვახორციელებთ პატიმრის გადაყვანას, აბსოლუტურად ყველა სცენარს წინასწარ გავდივართ; ჩვენ გვაქვს ყოველთვის სრული მზადყოფნა და თუკი ვინმე გაბედავს მსგავსი რამის გაკეთებას, პასუხი იქნება ძალიან ადეკვატური და ძალიან მკაცრი. ისინი აუცილებლად აგებენ პასუხს კანონის წინაშე სრული სიმკაცრით. სულ რომ გამოიყვანონ რამდენი ხალხიც უნდათ, იმდენი, დამნაშავე იქნება ამ შემთხვევაში სუყველა. ჩვენ მას ვერტმფრენითაც გადავიყვანთ და იქ, ბუნებრივია, ხელს ვერაფრით შეგვიშლიან. ვერტმფრენითაც გადავიყვანთ №18 დაწესებულებაში, როგორც უკვე ვთქვი", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მინისტრმა, ასევე, ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უფლებრივ მდგომარეობაზე და განაცხადა, რომ დღემდე მას 100-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა და მის უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით არცერთი ობიექტური პრეტენზია არ არსებობს. მინისტრის თქმით, ციხესთან 24-საათიან რეჟიმში მორიგეობს რეანიმობილი და მის საკანთან მორიგეობს ორი ექიმი. საჭიროების შემთხვევაში სრულ მზადყოფნაშია ტექნიკაც, რომ ადგილზევე იყოს შესაძლებელი დახმარების აღმოჩენა.
,,სააკაშვილის, როგორც პატიმრის, შემოსახლების დღიდან ჩვენ დავიწყეთ ზრუნვა როგორც მისი ჯანმრთელობის, ისე მის უფლებრივ მდგომარეობაზე. თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად უპრეცედენტო და მსგავსი შემთხვევა არათუ ქართული სასჯელაღსრულების სისტემას, შეიძლება, მსოფლიო მასშტაბითაც არ ახსოვდეს არავის. ჩვენ დასამალი აბსოლუტურად არაფერი გვაქვს. ძალიან ბევრი ვიზიტორი ჰყავს პატიმარ სააკაშვილს, ასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა უკვე. ჩვენ ყველას ვუშვებთ, რომ მოინახულონ და ნახონ, რა პირობებშია ის. ჩვენ რომ მწამებლები ვიყოთ, ჩვენ რომ გვინდოდეს მისი უფლებების რაიმე ფორმით შეზღუდვა, შევუშვებდით ამდენ ხალხს მის სანახავად? არცერთი ობიექტური პრეტენზია არ არსებობს. ჩვენ პრევენციისთვის ვთხოვეთ ჯანდაცვის სამინისტროს და მუდმივ რეჟიმში მორიგეობს ციხის ეზოში რეანიმობილი და მისი საკნის გადაღმა –ორი ექიმი. ასევე, შეტანილია სპეციალური აპარატურა და თუკი რაიმე პრობლემა შეიძლება შეიქმნას ჯანმრთელობის მხრივ, ადგილზევე აღმოუჩინონ დახმარება. როდესაც ვინმე ბედავს და საუბრობს, რომ მისი რომელიმე უფლება ირღვევა.. მისი უფლებები არის ზედმიწევნით დაცული და ეს არ არის მხოლოდ სააკაშვილის შემთხვევაში – ეს არის ყველა პატიმრის შემთხვევაში. ნამდვილად საამაყოა დღეს ის მდგომარეობა, რაც არის პენიტენციურ დაწესებულებაში", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.