6-11-2021
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა. მინისტრის განცხადებით, „თუკი ვინმე შეეცდება რაიმე სახის პროვოკაციის მოწყობას, ძალიან მკაცრად აგებენ კანონის და საზოგადოების წინაშე პასუხს".
რატი ბრეგაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პენიტენციური დაწესებულება განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტია და მის სიახლოვეს ნებისმიერი პროვოკაცია შეიძლება მომეტებული საფრთხის წყარო იყოს:
„პენიტენციური დაწესებულება არის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი და აქ რაიმე სახის პროვოკაციის მოწყობაზე არც უნდა იოცნებონ. შესაძლოა, ეს გახდეს მომეტებული საფრთხის წყარო ჩვენი საზოგადოებისათვის და ჩვენ ამას არ დავუშვებთ".
იუსტიციის მინისტრის თქმით, ხელისუფლება ყველა შესაძლო სცენარისთვის მზადაა.
„ბუნებრივია, შესაბამისი სამსახურები აკეთებენ გათვლებს ნებისმიერი შემთხვევისთვის... თუკი მათ გაბედეს და რაიმე სახის პროვოკაციას ექნა ადგილი, ამას შესაძლოა, ჰქონდეს გამოუსწორებელი შედეგები საზოგადოებისთვის და ამის უფლებას არ მივცემთ, და ჯობს, აქვე დაივიწყონ", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მინისტრმა მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმდინარე აქციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეები კეტავენ ცენტრალურ გზას, ხელს უშლიან პატიმრების გაყვანის პროცესს და მიმართავენ სხვადასხვა პროვოკაციას.
„ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება და ამას ვასრულებთ, მაგრამ მინდა, მკაცრად გავაფრთხილო თითოეული მათგანი – თუკი ვინმე შეეცდება რაიმე სახის პროვოკაციის მოწყობას, ძალიან მკაცრად აგებენ კანონის და საზოგადოების წინაშე პასუხს, ჩვენ – კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ – აბსოლუტურად ყველა სცენარისთვის მზად ვართ", – განაცხადა მინისტრმა „რუსთავი 2"-ის ეთერში.