8-11-2021
2022 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიაში, 75,4 მლნ ლარითაა გაზრდილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, დამატებითი თანხებია გამოყოფილი ჯანდაცვის მიმართულებით რამდენიმე ახალი პროგრამისთვის.
„მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და 18 წლამდე შშმ ბავშვთა ყოველთვიური სოციალური გასაცემელი იზრდება 25 ლარით, საომარ მოქმედებებში მონაწილე ვეტერანთა მონეტიზაციის ყოველთვიური სოციალური გასაცემელი 22 ლარიდან იზრდება 100 ლარამდე, გათვალისწინებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადებისა და სოფლის ექიმების/ექთნების ანაზღაურების 10%-იანი ზრდა, ასევე გათვალისწინებულია სახსრები მუნიციპალიტეტებში არსებული სასწრაფოს ბრიგადების ხელფასების თბილისში არსებულ ხელფასებთან ეტაპობრივი გათანაბრებისთვის. მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ჯანდაცვის ახალი პროგრამების დაფინანსება, მათ შორის, სპინალური ატროპიის მქონე ბავშვთა დახმარების, დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის მუდმივი მონიტორინგის თანამედროვე აპარატების შესყიდვა, ასევე, გათვალისწინებულია ღვიძლის და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაციების თანადაფინანსება. გაზრდილია რეფერალური მომსახურებისა და ბავშვთა ზრუნვის პროგრამების დაფინანსება, ასევე სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების ანაზღაურება", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.