4-06-2018
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის პრემიერთან შეხვედრა დასრულდა. შეხვედრას ზაზა სარალიძესთან ერთად, მისი უფლებების დამცველი EMC-ის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ესწრებოდნენ.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სარალიძემ განაცხადა, პრემიერი მას დაჰპირდა, რომ 10 ივნისამდე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება. მისივე თქმით, კვირიკაშვილის დაპირების მიუხედავად, აქციები მაინც გაგრძელდება.
„თუ ამ საქმესთან დაკავშირებით პრემირის მხრიდან ათ რიცხვამდე კონკრეტული ნაბიჯები არ იქნება გადადგმული, იმავე პოზიციაზე დავრჩები, რომ სისტემა უნდა დაინგრეს. ჩვენი უცვლელი მოთხოვნაა, რომ აბსოლუტურად ყველა, ვინც იყო ჩემი შვილის მკვლელი და ვინც დანაშაული ჩაიდინა, ეს იქნება გამომძიებელი თუ პროკურორი, ყველა იქნას დასჯილი. ამასთან, ვინც მფარველობდა პროკურორებსა თუ სხვა პირებს, აბსოლუტურად ყველაფერი უნდა იქნას გამოძიებული. თუკი ამ ათი დღის განმავლობაში კონკრეტულ ნაბიჯებს ვერ დავინახავ, იგივე პოზიცია მექნება და არც სახლში ვაპირებ წასვლას. აქციები კი ამ დროის განმავლობაშიც პარალელურად გაგრძელდება“-განაცხადა სარალიძემ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნა გუშინ საღამოს აქციის მიმდინარეობისას გაჟღერდა.