გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის ახალ ელჩთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა

9-11-2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის ახლად დანიშნულ ელჩს ანა მარია შიკოს უმასპინძლა. მხარეებმა 2021 წლის მარტში საქართველოსა და უნგრეთს შორის გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზეუმაღლესი და პროფესიული განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.


მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა ანა მარია შიკოს განათლების სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, განსაკუთრებით საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული წარმატებული და პოპულარული გაცვლითი სასტიპენდიო პროგრამისთვის – “StipendiumHungaricum“, რომელიც ქართველ და უნგრელ ახალგაზრდებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს. შეხვედრაზე მხარეებმა გაცვლითი პროგრამის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს არა მხოლოდ სტუდენტებისათვის, არამედ პროფესორ-მასწავლებლებისათვისაც.


მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ევროპულ სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის მიზნით, საქართველო აქტიურად ემზადება ევროკავშირის ახალი პროგრამის “HorizonEurope” კონკურსებში საქართველოს უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების წარმატების მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად. დეკემბერში ბრიუსელში ხელი მოეწერებაასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას, რაც ქართველ მეცნიერებს ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის. მინისტრის თქმით, შესაძლებელია უნგრეთის სამეცნიერო წრეებთან ერთად ერთობლივი სამეცნიერო პროექტების მომზადება და განხორციელება. უნგრეთის ელჩმა, თავის მხრივ, ამ მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.


მინისტრმა ელჩს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ საქართველოში ევროპული სტანდარტების სამეცნიერო-კვლევითი სივრცის შექმნა შესაძლებელი გახდა უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორის, ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად.


მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ძალიან კარგი სტარტი აიღო და, პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო. მინისტრის შეფასებით, უნივერსიტეტს აქვს სწრაფად მზარდი რეიტინგი. 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის პირველ ადგილს იკავებს.


მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც აკადემიური პროგრამების შექმნას კონკრეტულ დარგში მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გულისხმობს. გარდა ამისა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექციებს ქართველ პროფესორებთან ერთად უცხოელებიც კითხულობენ. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ როგორც უნგრელ პროფესორებს, ასევე სტუდენტებსაც.


მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მეცნიერების განვითარების შესაძლებლობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროცესს განაპირობებს ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან. მინისტრის თქმით, დაინტერესების შემთხვევაში, კოლაბორაციაში მონაწილეობის შესაძლებლობა უნგრელ მეცნიერებსა და კვლევით დაწესებულებებსაც ექნებათ. აღსანიშნავია, რომ ადრონული თერაპიის ცენტრი მთლიანად დაფინანსებულია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ. სამეცნიერო-კვლევითი პროცესი ადრონული თერაპიის ცენტრში ულტრათანამედროვე ციკლოტრონების შექმნისთანავე დაიწყება, რომელთა დამზადება და აწყობა სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) მიმდინარეობს. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ერთი ციკლოტრონი მხოლოდ კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, რაც განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან.


მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის ელჩი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსის მოსანახულებლად მიიწვია. ანა მარია შიკომუნივერსიტეტის მონახულებისა და თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა და, თავის მხრივ, მინისტრი უნგრეთში სამუშაო ვიზიტით მიიწვია.


შეხვედრაზე მხარეებმა პროფესიული განათლების კუთხით თანამშრომლობის შესაძლებლობებზეც იმსჯელეს.


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა უნგრეთის ელჩის მოადგილე ანიკო ფარკაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930