გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საზღვაო ვიზიტით მყოფ აშშ-ის ხომალდ ”Mount Whitney”-ზე ოფიციალური მიღება გაიმართა

10-11-2021

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის სამეთაურო ხომალდზე - "USS Mount Whitney" (LCC 20) ოფიციალური მიღება გაიმართა. ბათუმში აღნიშნულ ხომალდზე გამართულ მიღებას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან - ირაკლი ღარიბაშვილთან და მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ მაიორი ნიკოლოზ შარაძე დაესწრო. სტუმრებს მე-6 ფლოტის უფროსმა, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის მოადგილემ - ვიცე-ადმირალმა ეუჯინ ბლექმა, ხომალდ "Mount Whitney"-ის მეთაურმა - დანიელ პროჩაზკამ და აშშ-ის ელჩმა საქართველოში - კელი დეგნანმა უმასპინძლეს.


ხომალდზე გამართულ ოფიციალურ მიღებას ასევე ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი - ჯუანშერ ბურჭულაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი ბერაია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძე და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე.


გემის ეკიპაჟმა სტუმრებისთვის საინფორმაციო ტური გამართა, რომელზეც ხომალდის მეთაურისგან "Mount Whitney"-ის ამოცანების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მოისმინეს.


საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის სამეთაურო ხომალდი - USS Mount Whitney (LCC 20) და საზღვაო ხომალდი - USS Porter (DDG 78) 8 ნოემბერს შემოვიდნენ.


ვიზიტი ხაზს უსვამს მნიშვნელოვან ურთიერთობას ნატოს მოკავშირეებსა და შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვან პარტნიორს - საქართველოს შორის, ასევე, ადასტურებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის წარმატებულ თანამშრომლობას და მიზნად ისახავს საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერებას, აშშ-ის რეგიონული პარტნიორების სტაბილურობის უზრუნველყოფას, მზადყოფნისა და საზღვაო შესაძლებლობების გაზრდას.


ხომალდები - USS Mount Whitney და USS Porter საზღვაო ოპერაციებს ამერიკის მე-6 ფლოტის სამოქმედო არეალში ახორციელებენ. მე-6 ფლოტი, რომელიც ბაზირებულია ნეაპოლში, ერთობლივი და საზღვაო ოპერაციების სრულ სპექტრს ახორციელებს. ოპერაციები ტარდება მოკავშირეებსა და პარტნიორებთან კოორდინირებულად, რათა ხელი შეუწყონ ევროპასა და აფრიკაში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930