5-06-2018
„კომერსანტისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ კუს ტბის განაშენიანების გეგმა შედგა, რომელიც ამ დროისთვის მერიაშია გადაგზავნილი. როგორც ჩვენთან საუბრისას კუს ტბის გენერალური დირექტორი ნინო ბადაგაძე აცხადებს, აღნიშნული გეგმა ლოკაციაზე სრულიად ახალ სურათს შექმნის. კუს ტბის გენერალური გეგმის ფარგლებში ადგილზე მრავალი სივრცის მოწყობა და გასართობი ობიექტის მშენებლობა იგეგმება.
კერძოდ, ბავშვთა ქალაქი, წყალზე ექსტრემალური გართობა, ასევე ღია აუზი რომელიც 800 კვ.მ-ზე განთავსდება, სხვადასხვა სახის ღია ტიპის ობიექტები და ორი სასტუმრო. ამ ეტაპზე ცნობილია ის, რომ ერთ-ერთი სასტუმროს მშენებლობა კლუბ „ვიტამინის“ ტერიტორიაზეა დაგეგმილი.
რეკრეაციული ზონით როგორც ქართველი ისე ამერიკელი ინვესტორები არიან დაინტერესებულები.
ნინო ბადაგაძის განცხადებით, ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სასტუმროები არ აშენდება, რადგან რეკრეაციული ზონა ლანდშაპტზე სრულად მორგებული უნდა იყოს. ახალ ხელშეკრულებაში კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დამატებით გამწვანების საკითხიც განიხილება. ასევე უკვე არსებული შენობების გაუმჯობესება და ახალი სანაპირო ზოლის მოწყობა იგეგმება.
ამ ეტაპზე პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა ვერ სახელდება, რადგან მერიისგან პასუხი ამ დრომდე არ არის ცნობილი.
„მერიაში კუს ტბის გენერალური გეგმა დაახლოებით ერთი წელია რაც შეტანილია და მისი განხილვის დასრულებას ველოდებით, ხოლო მას შემდგომ უკვე სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. მქონდა ინფორმაცია, რომ მაისის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა შესაძლოა მისი გადავადება მოხდეს. ამ დრომდე მერიისგან კონკრეტული მიზეზი არ მომისმენია. შესაძლოა, განსახილველად ბევრი მასალაა და ჩვენ რიგში ვდგავართ.
ამ ეტაპზე პროექტები მუშავდება და მისი დაბრუნების შემთხვევაში კვლავ გადაიხედება. სწორედ ამის შემდგომ გახდება ცნობილი განაშენიანების დასრულების ვადები.
მიუხედავად იმისა, რომ კერძო ტერიტორიაა მერიის პასუხი მაინც გვჭირდება,“ - განაცხადა ნინო ბადაგაძემ.
„შპს კალას“ მფლობელობაში ამ დროისთვის კუს ტბის 45 ათასი კვადრატული მეტრია, ხოლო დარჩენილი ტერიტორია კი მერიას ეკუთვნის. რაც შეეხება რეკრეაციული ზონის განაშენიანებას მხოლოდ აღნიშნული 45 ათასი კვადრატული მეტრის განაშენიანება იგეგმება.