17-11-2021
საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო გამოფენის - Anuga 2021 დასრულებიდან ერთ თვეში, ქართულ კომპანიებთან 3.7 მილიონი ლარის საექსპორსპორტო ხელშეკრულებები გაფორმდა.
"სააგენტო აგრძელებს აქტიურ მუშაობას ექსპორტის მიმართულებით. ამის ერთ-ერთი დასტურია საერთაშორისო გამოფენა ანუგა 2021, რომელშიც ჩვენი ხელშეწყობით 16 ქართული კომპანია მონაწილეობდა და გამოფენის დასრულებიდან 1 თვეში მათ უკვე 3.7 მილიონი ლარის საექსპორტო ხელშეკრულება გააფორმეს. " - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.
მისი თქმით, უცხოელი მსხვილი შემსყიდველებისგან დიდი დაინტერესება გამოიწვია ქართულმა ღვინომ, თაფლმა, თხილეულმა და ძირტკბილამ.
სასმელისა და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა Anuga წარმოადგენს აღნიშნულ სექტორში ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელიც ტრადიციულად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქ. კიოლნში გაიმართა. სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით საქართველომ რიგით მეოთხეჯერ მიიღო მონაწილეობა. მონაწილეობის მიზანი იყო ბიზნესკავშირების დამყარება უცხოელ პოტენციურ პარტნიორებთან და დამკვეთებთან, საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.
გამოფენის მანძილზე ქართულმა კომპანიებმა 300-მდე შეხვედრა გამართეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბიზნეს სექტორს წარმომადგენლებთან, მათ შორის: გერმანია, ავსტრია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, დანია, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ლიბანი, საუდის არაბეთი, თურქეთი, უკრაინა, ბულგარეთი, ქუვეითი, აშშ, კანადა.
„გარდა საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობისა, წელს მეწარმეებს შევთავაზეთ სრულიად ახალი კომპონენტი - ბიზნეს ექსპორტი, რომელიც ექსპორტის ზრდისა და იმპორტის ჩანაცვლების ხელშეწყობას გულისხმობს. პროგრამა მეწარმეებს სესხის პროცენტის სუბსიდირების და უზრუნველყოფის გარდა, გრანტის კომპონენტსაც თავაზობს." - აღნიშნა ხიდურელმა.