18-11-2021
საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა კვლევის იმ კომპონენტში, რომელიც აფასებს მთავრობასთან მიმართებაში კორუფციის დაბალ რისკს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი პოზიციონირების საქმეში, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი Trace International - ის კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსს, რომლის მიხედვით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში და მსოფლიოს საუკეთესო 30 ქვეყანას შორის დასახელდა.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის შეფასებით, კვლევა არაერთ მნიშვნელოვან მიმართულებას ეყრდნობა, რომელთა შორის გამორჩეული ადგილი ანტიკორუფციულ კანონმდებლობას და მთავრობის გამჭვირვალობას უკავია.
"აღნიშნული კვლევა აფასებს სხვადასხვა ქვეყნების მიერ ანტიკორუფციული მიმართულებით გატარებული რეფორმების ეფექტურობას. კვლევა ეყრდნობა სხვადასხვა კონკრეტულ კომპონენტებს, რაც აფასებს ქვეყნების მიერ მიღებულ შედეგებს. აღსანიშნავია ანტიკორუფციული კანონმდებლობა, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და მთავრობების ღია და ტრანსფარენტული მოქმედება. აღნიშნულ კვლევაში, ერთ-ერთი ქვეკომპონენტის ფარგლებში, საქართველომ დაიკავა პირველი ადგილი, რომელიც აფასებს მთავრობასთან მიმართებაში დაბალი კორუფციის რისკის მაჩვენებელს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი პოზიციონირების საქმეში",- აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.
კვლევის თანახმად, საქართველო უსწრებს ევროკავშირის 13 სახელმწიფოს: იტალიას, პოლონეთს, უნგრეთს, სლოვაკეთს, სლოვენიას, ჩეხეთს, ლატვიას, ხორვატიას, საბერძნეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, კვიპროსს, მალტას, ასევე ევროკავშირის არაწევრ განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოებს ლიხტენშტეინს და სან მარინოს. რეიტინგი ქვეყნებს აფასებს კორუფციის მიხედვით, კერძოდ, კორუფციის შესაძლებლობის, ანტიკორუფციული კანონმდებლობის, მთავრობის გამჭვირვალობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების დონის მიხედვით. საუკეთესო შეფასება საქართველომ მიიღო ისეთ მთავარ ქვეკომპონენტში, როგორიცაა "მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციის რისკის დაბალი ხარისხი"- სადაც საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა. მეთოდოლოგიის შესაბამისად, თითოეულ ქვეყანას ენიჭება კორუფციის რისკის საერთო ქულა და თითოეული მიმართულება 1-დან 100 ქულამდე ფასდება, სადაც 1 ქულა მიუთითებს კორუფციის დაბალ დონეს/არარსებობას, ხოლო 100 ქულა კორუფციის მაღალ რისკს.