26-11-2021
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმირ მარიჩს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები.
აღინიშნა, რომ საქართველოსა და სერბეთს შორის თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს. მხარეებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს ორმხრივი ვაჭრობის განვითარებაზე, აგრეთვე თანამშრომლობაზე ინვესტიციების მოზიდვის, სამოქალაქო ავიაციის, სახმელეთო სატრანსპორტო გადაზიდვების, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის კუთხით.
გენადი არველაძის განცხადებით, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთობლივი ბიზნეს ფორუმებისა და სავაჭრო მისიების ორგანიზება, რომლებიც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის საქმიანი კავშირების გაღრმავებასა და ერთობლივი ბიზნეს პროექტების განხორციელებას.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სერბეთს შორის რიგით მეორე სამთავრობოთაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის ჩატარების შესაძლებლობა, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება პრიორიტეტული მიმართულებები. ასევე, ხაზი გაესვა სამომავლოდ ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზნით კონსულტაციების გაგრძელების აუცილებლობას.